ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, იაგოდა ლაზარევიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველო-სერბეთის ეკონომიკურ კავშირებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების საკითხს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გაზრდას.
მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის დელეგაციას საქართველოს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო გააცნო.
ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას აღინიშნა, რომ სერბეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა მზარდია და პირდაპირი ავიამიმოსვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურისტული ნაკადების სტიმულირებასა და ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების გაძლიერებაში.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა
30.09.2026.19:43
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას ორმხრივ და რეგიონულ ფორმატებში.
საუბარი შეეხო „მწვანე ენერგიის დერეფანს", რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის 4000 მგვტ სიმძლავრის ელექტროგადამცემი პროექტის განვითარებასა და სამხრეთ კავკასიიდან ევროპაში განახლებადი ენერგიის ექსპორტს ისახავს მიზნად.
მხარეებმა ასევე განიხილეს აზერბაიჯანი - საქართველო - თურქეთი - ბულგარეთის ელექტროენერგიის დერეფნის ინიციატივა, რომლის განხორციელებაზეც მუშაობა 2025 წელს დაიწყო და სრულად სახმელეთო "მწვანე დერეფნის" სახით განვითარდება.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების წარმატებით განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას, ინვესტიციების მოზიდვასა და უფრო მდგრადი ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფას.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი, ასევე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ.