ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის BAIC International - ის თავმჯდომარეს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის BAIC International - ის თავმჯდომარეს ფუ ძუნს კომპანიის სათავო ოფისში შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა წარადგინა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაკვეთით მომზადებული კვლევა ქვეყანაში ელექტრომობილების საწარმოს შექმნის შესაძლებლობის შესახებ და BAIC International - ის მხარესთან თანამშრომლობის პერსპექტივებებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე განიხილეს ელექტრომობილების საქართველოში წარმოების შემთხვევაში მათი ექსპორტის პოტენციალი, მათ შორის, ევროპის ქვეყნების ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩინური კომპანია საქართველოში ორმხრივი სამუშაო პროცესის წარმართვის მიზნით სამუშაო ჯგუფს გამოგზავნის.
ხაზი გაესვა იმ წარმატებას, რომელიც ჩინურ ავტომწარმოებელს აქვს როგორც ჩინეთის, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. თავის მხრივ, BAIC International - ის მხარემ დეტალურად ისაუბრა კომპანიის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებზე, საერთაშორისო ბაზრებზე მათი საქმიანობისა და გეოგრაფიული არეალის გაფართოების შესაძლებლობაზე.
BAIC International - ის სათავო ოფისში მინისტრსა და დელეგაციის წევრებს კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილები BAIC International - ის თავმჯდომარემ წარუდგინა.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი, თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.
სხვა სიახლეები
ობლიგაციების ბაზრის სექტორული დივერსიფიკაცია მუდმივად უმჯობესდება - სებ
23.09.2026.19:00
საქართველოს კაპიტალის ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ანალიტიკური კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრის მიმოხილვის პერიოდულად გამოქვეყნებას აგრძელებს.
პუბლიკაცია რეგულარულად, წელიწადში ორჯერ ქვეყნდება. წარმოდგენილი ანგარიში საქართველოს კაპიტალის ბაზრის 2026 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობას ასახავს.
პუბლიკაციის მიზანია, ბაზრის მონაწილეებს, მკვლევრებსა და ფართო საზოგადოებას მიაწოდოს მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაცია საქართველოს კაპიტალის ბაზრის ძირითად ტენდენციებზე, სტრუქტურულ თავისებურებებზე, ზრდის პოტენციალსა და არსებულ გამოწვევებზე.
ანგარიში წარმოადგენს საქართველოს კაპიტალის ბაზრის ფართო სურათს, თუმცა ფოკუსირდება ადგილობრივ ობლიგაციების ბაზრებზე, განსაკუთრებით სახელმწიფო ფასიან ქაღალდებსა და საჯარო კორპორატიულ ობლიგაციებზე. დოკუმენტი მიმოიხილავს ბაზრის სტრუქტურას, მიმდინარე ტენდენციებს, ინვესტორთა ბაზას, მფლობელობის სტრუქტურასა და მეორადი ბაზრის აქტივობას. საუბარია ასევე კაპიტალის ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე. ანგარიში დამატებით განიხილავს ფინანსური ინსტიტუტების ფართო სპექტრის - მათ შორის, კომერციული ბანკების, საინვესტიციო ფონდებისა და საქართველოს საპენსიო ფონდის როლს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ბაზრის ლიკვიდურობის გაღრმავებასა და ინვესტორთა ბაზრის გაფართოებაში.
,,აქტიური სახაზინო ობლიგაციების ბაზარი კრიტიკულად მნიშვნელოვანია კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის განვითარებისთვის: სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის მრუდი მნიშვნელოვანი ბენჩმარკია კორპორაციული ობლიგაციების ფასწარმოქმნისთვის. ჩვეულებრივ, სახაზინო ობლიგაცია, როგორც ყველაზე ნაკლებად რისკიანი ფასიანი ქაღალდი ქვეყანაში, საბანკო დეპოზიტის პირველი
ფინანსური ალტერნატივაა ინვესტორებისთვის. როგორც წესი, პირველ რიგში ინვესტიციის ალტერნატივად თავს იმკვიდრებს სახაზინო ობლიგაცია, რასაც მოჰყვება ინვესტორების დანაზოგების განთავსება შედარებით უფრო რისკიან აქტივებში, მაგალითად, როგორიცაა კორპორაციული ობლიგაციები. ადგილობრივი სახაზინო ფასიანი ქაღალდების ბაზარი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა:
ადგილობრივი სახაზინო ობლიგაციების ნაშთი 2025 წლის ბოლოს არსებული
11.4 მილიარდი ლარიდან 2026 კვ-2 ბოლოს 12.4 მილიარდ ლარამდე
გაიზარდა. 2025 წლის ბოლოს ბაზრის ზომა მშპ-ს დაახლოებით 11%-ს
შეადგენდა”, - წერს სებ-ი.
ანგარიშის თანახმად, სახაზინო ობლიგაციების მფლობელობის სტრუქტურა
ხასიათდება ინსტიტუციური ინვესტორების მაღალი წილითა და ბოლო პერიოდში, არარეზიდენტი ინვესტორების წილის ზრდადი ტენდენციით: სახაზინო ფასიანი ქაღალდების უმეტეს ნაწილს კვლავ კომერციული ბანკები, ეროვნული ბანკი და საპენსიო ფონდი ფლობენ, რომელთა ჯამური წილი 2026 კვ2-ის ბოლოს 89%-ს შეადგენდა. აღნიშნული ინვესტორები, როგორც წესი, ამჯობინებენ ობლიგაციების ფლობას ვადის გასვლამდე, რის გამოც, სავაჭრო აქტივობა მეორად ბაზარზე არის დაბალი.
,,საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა განაგრძო ზრდა 2026 წლის პირველ ნახევარშიც და მიაღწია 2.74 მილიარდ ლარს: 2026 წლის პირველ ნახევარში, 5 ემიტენტის მიერ საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული 8 ობლიგაციის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 385 მილიონი ლარი (იხ. გრაფიკი 4), რაც 2.6-ჯერ აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 150 მილიონ ლარს. ახალი ემისიების 49% (ღირებულებით), რაც შეადგენდა დაახლოებით 190 მილიონ ლარს, განხორციელდა აწარმოე საქართველოს პროგრამის მხარდაჭერით”, - აღნიშნავს სებ-ი.