ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
კომისიას ყირგიზეთის მხრიდან თავმჯდომარეობდა ეკონომიკისა და კომერციის მინისტრი ბაკიტ სიდიკოვი.
მარიამ ქვრივიშვილმა გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ყირგიზეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობაზე. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი ნათლად ასახავს თანამშრომლობის მზარდ დინამიკას.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ცენტრალური აზიის რეგიონთან, მათ შორის ყირგიზეთის რესპუბლიკასთან პარტნიორობის გაძლიერება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის თქმით, სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, საქართველო მზად არის, უზრუნველყოს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობა და გახდეს განსაკუთრებული მნიშვნელობის გასასვლელი ცენტრალური აზიის რეგიონისთვის.
მარიამ ქვრივიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებსა და საინვესტიციო პოტენციალზე. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ აზიასა და ევროპას შორის კავშირების განმტკიცებაში შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს სტრატეგიულ ინვესტიციებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ავითარებს ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
სხდომაზე მაღალი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში, მათ შორის ისეთ რეგიონულ ფორმატებში, როგორიცაა TRACECA და CAREC - ის პროგრამები. ამასთანავე, ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის როლს, ასევე აღინიშნა, რომ ყირგიზეთი წარმოადგენს პერსპექტიულ და სულ უფრო მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს საქართველოსთვის, საიდანაც ვიზიტორთა ნაკადი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ამასთან, ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სექტორში, როგორიცაა სამოქალაქო ავიაცია.
კომისიის სხდომა ოქმზე ხელმოწერით დასრულდა.
სხდომაში საქართველოს მხრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი მონაწილეობდნენ.
სხვა სიახლეები
ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება - მარიამ ქვრივიშვილი
11.06.2026.20:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სვანეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. მინისტრის განცხადებით, ოპერატორ კომპანიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა სვანეთის სწრაფი გამრიცხველიანებისთვის, რაც უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც უშუალოდ რეგიონის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.
„ორი მიმართულებით მიმდინარეობს პროცესი: ერთი მხრივ, ადგილზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში აქვეყნებს პროგრესს არალეგალური მაინინგის გამოვლენის ფაქტების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, უშუალოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ოპერატორთან, რომელთან ერთადაც ვსაზღვრავთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკს იმისთვის, რომ დაუყონებლივ და ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი, უპირველესად, სვანეთისთვის და ზოგადად, მთელი საქართველოსთვის" - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა, რადგან არსებული მდგომარეობა გავლენას ახდენს სამომხმარებლო ტარიფზე.
„საქართველოს მთავრობამ საკმაოდ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც, ერთი მხრივ თქვა, რომ შენარჩუნდება არსებული სატარიფო პოლიტიკა, მაგრამ, მეორე მხრივ, უზრუნველვყოფთ ელექტროენერგიის მოხმარების ზედა ზღვრის არსებობის მოწესრიგებას იმისთვის, რომ გავმიჯნოთ საჭიროება, რომელიც უშუალოდ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აქვს, ასევე სასტუმროებს, განთავსების ობიექტებსა და სხვა ბიზნეს მეწარმეებს, მაგრამ, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ცალსახად გასამიჯნია ელექტროენერგიის ის არალეგალური და უკანონო მოხმარება, რომელიც, თავის მხრივ,მაინინგს გულისხმობს" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.