ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზი გაიზარდა 7%-მდე, 2 პროცენტული პუნქტით, რაც საქართველოს ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებს ასახავს | პრემიერი
მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ეს პროგნოზი გაიზარდა 7%-მდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს ასახავს იმ დადებით ტენდენციებს, რომელიც არის საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე წლის განმავლობაში.
„მანამდე, ივნისში იყო წინასწარი პროგნოზი გამოქვეყნებული, რომელიც შეადგენდა 5%-ს და ეს პროგნოზი არის გაზრდილი 2 პროცენტული პუნქტით, 5%-დან 7%-მდე, რაც ასახავს იმ დადებით ტენდენციებს, რომელიც არის საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე წლის განმავლობაში. ეს პროგნოზი 2.6-ჯერ აღემატება ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2026-2027-2028 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მთლიანად ევროპის ქვეყნებს შორის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ამ ტენდენციის შენარჩუნება.", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826