ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა - The Heritage Foundation
The Heritage Foundation-ის 2026 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ქვეყანამ რეიტინგში 69.6 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 0.6-ით მეტია. საქართველო გლობალურ რეიტინგში 35-ე ადგილს იკავებს.
ანგარიში ქვეყნების ეკონომიკურ გარემოს ისეთი საკვანძო კრიტერიუმებით აფასებს, როგორიცაა საკუთრების უფლებების დაცვა, საგადასახადო ტვირთი, ბიზნესის თავისუფლება და ბიუროკრატიული ეფექტიანობა.
რეიტინგის მიხედვით, ევროპაში საქართველო 44 ქვეყანას შორის მე-20 ადგილს იკავებს. ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი მსოფლიო და რეგიონულ საშუალო მაჩვენებლებს აღემატება. ინდექსის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა კლასიფიცირებულია როგორც „ზომიერად თავისუფალი“.
,,საგარეო და პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა კარგ შედეგებს აჩვენებს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად სფეროებში. მთავრობამ განახორციელა რეფორმები რეგულირების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად და ინარჩუნებს ღია ბაზრის პოლიტიკას და დაბალ საგადასახადო განაკვეთებს. ეკონომიკამ ასევე აჩვენა მედეგობის ზომიერი დონე", - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
FED-მა საპროცენტო განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა
28.10.2026.22:45
აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ FED-მა საპროცენტო განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა.
ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გადაწყვიტა, სესხის აღების ღირებულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება მომდევნო კვირას დაგეგმილი აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების დასრულებამდე გადადოს და ინფლაციის დინამიკის შესახებ დამატებით მონაცემებს დაელოდოს.
გადაწყვეტილებით, რომელიც 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს, აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო საპროცენტო განაკვეთი მოქმედ 3.75%-4.00%-იან დიაპაზონში შეინარჩუნა. ამასთან, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აღნიშნა, რომ ინფლაცია კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, თუმცა ეკონომიკის მდგომარეობის შეფასება გააუმჯობესა.
ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ასევე მიანიშნა, რომ ინფლაციის დინამიკიდან გამომდინარე, მომავალში საპროცენტო განაკვეთის დამატებითი ზრდა შესაძლოა გახდეს საჭირო.
ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული პოლიტიკის შესახებ უახლესი განცხადება მნიშვნელოვნად განსხვავდება 15-16 სექტემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნებული განცხადებისგან. მასში იკვეთება სამომავლო მონეტარული პოლიტიკის მიმართულების შესახებ გარკვეული მინიშნებები, მიუხედავად იმისა, რომ უორშს მანამდე მსგავსი წინასწარი მითითებებისგან თავის შეკავების სურვილი ჰქონდა გამოხატული.
ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ეკონომიკური ზრდის შეფასება ,,სტაბილურიდან" ,,ძლიერამდე" გააუმჯობესა. ამასთან, საინვესტიციო აქტივობა კვლავ მაღალ დონეზე შეფასდა, ხოლო დასაქმების ზრდა სამუშაო ძალის ზრდის ტემპს შეესაბამებოდა.