ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს | ვახტანგ ცინცაძე
„მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე იზრდება შრომის ანაზღაურება, კერძოდ, 2026 წლის მე-2 კვარტალში შრომის ანაზღაურება 177 ლარზე მეტადაა გაზრდილი და საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 2389 ლარს შეადგენს" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
შრომის ანაზღაურების ზრდის ტენდენციებზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ის, ფაქტობრივად, ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში ფიქსირდება, მათ შორის - საფინანსო და სადაზღვევო, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ჯანდაცვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების და სხვა სექტორებში.
„აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს. მათ შორის, თუ შევხედავთ 2026 წლის 7 თვის მაჩვენებლებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ია", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პროგნოზით, ქვეყანა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს მთლიანად 2026 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, მისი შეფასებით, ასევე საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება მომავალ წლებშიც.
„მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა, მათ შორის, განპირობებულია პროდუქტიულობის ზრდით, რაც პირდაპირ აისახება შრომის ანაზღაურების ზრდაზე. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება შრომის ბაზრის მაჩვენებლებზე" - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826