ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მისი მთავარი ფაქტორები საინვესტიციო აქტივობის, საქონლის და მომსახურების, ასევე ექსპორტის ზრდაა - ვახტანგ ცინცაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდა მიმდინარე წლის აგვისტოშიც და არის მოლოდინი, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალ თვეებშიც. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას ისაუბრა, რომლის მიხედვით, 2023 წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 5.8% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.0%-ს გაუტოლდა.
„მთლიანობაში, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი წარმმართველი ფაქტორები საინვესტიციო აქტივობის, საქონლის და მომსახურების ექსპორტის, მათ შორის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაა" - აღნიშნა ცინცაძემ.
მისი თქმით, სექტორების მიხედვით ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანეს მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების და სხვადასხვა სერვისების მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.
„მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, ნარჩუნდება მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მცირდება საგარეო მოწყვლადობა, რასაც ხელს უწყობს გონივრული ეკონომიკური პოლიტიკა. ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გაგრძელდება მომავალ თვეებშიც, რაც პოზიტიურად აისახება როგორც სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826