ეკონომიკური ზრდის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება და მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება - ვახტანგ ცინცაძე
„გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია - მიმდინარე წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7.2 % შეადგინა, ხოლო ივლისის ეკონომიკური ზრდა 5.5 % ით განისაზღვრა“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, იზრდება საქართველოს მდგრადობა საგარეო შოკების მიმართ, რაც მთავრობის გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2023 წლის ივლისის თვეში ეკონომიკური ზრდის ხელშემყწობი რამდენიმე სექტორი გამოიკვეთა, მათ შორის, ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, მშენებლობის, განათლების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა და ვაჭრობის სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.
აღსანიშნავია, იანვარ-ივლისში ექსპორტის ზრდის მიმართულებით არსებული პოზიტიური ტენდენციაც - ის 15.9%-ით გაიზარდა და მოცულობამ 3,583.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
„მთლიანობაში მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საინვესტიციო საქმიანობის ზრდა, ასევე საქონლით ვაჭრობის და ტურიზმის სფეროში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები“, - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება და მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826