ეკონომიკური ზრდის კუთხით საქართველო რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს - ლევან დავითაშვილი
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების შესახებ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ წინასწარი შეფასებით 6.2 % შეადგინა, ხოლო 10 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 6.9 %-ია.
როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორია სხვა ქვეყნის ეკონომიკების აქტიურობა და ზრდა, საქართველო ამ თვალსაზრისით რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. მისი განცხადებით, ძირითადად ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო მაღალი საინვესტიციო აქტივობით, ასევე ეკონომიკური აქტივობით საგარეო ვაჭრობის და ტურიზმის სფეროებში.
„ვფიქრობ, ეს მონაცემები წინდახედული მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ გვაქვს ასევე მესამე კვარტლის შედეგები ბიზნეს სექტორთან დაკავშირებით, რომლის ბრუნვა 12.6%-ით გაიზარდა და პირველი სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, 143.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ასევე ბიზნესსექტორის გამოშვება გაიზარდა 9.3%-ით, რაც 54 მილიარდ ლარს შეადგენს", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 4.8%-ით გაიზარდა. როგორც ის აღნიშნავს, ეს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილებია. შედეგად, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რიცხვი 34.6 ათასით გაიზარდა და 757.9 ათასი შეადგინა, რაც, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, მისი განცხადებით, შრომის ანაზღაურება თვიურ ჭრილში 17.1 %-ით და 293 ლარით გაიზარდა, შესაბამისად, პირველად ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო შემოსავალი 2000 ლარს გადაცდა. ინფლაციის დონემ ნოემბრის თვეში 0.1 % შეადგინა და წინა თვესთან შედარებით 0.2 % პუნქტით შემცირდა.
„აპრილის თვიდან ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოცდა და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ინფლაცია აქვს ფართო რეგიონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი, მშრალი რიცხვები გადავიდა რეალურ ცხოვრებაში, წინა თვესთან შედარებით სურსათის ფასების კლება დაფიქსირდა, ასევე წლიურ ჭრილშიც. შესაბამისად, ეს ტენდენცია როგორც სურსათზე, ისე მედიკამენტებზე წლის განმავლობაში შენარჩუნებულია. ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იგრძნოს ეკონომიკური პროგრესის და ნორმალური, წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის კონკრეტული შედეგები. ჩვენ ვხედავთ, რომ ინფლაცია ინარჩუნებს სამიზნეზე ქვემოთ დონეს, შესაბამისად ბევრ საშუალებას, რომ უფრო თამამი მაკრო-ეკონომიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ და ეკონომიკურ ზრდას მეტად შევუწყოთ ხელი", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ვიცე-პრემიერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველ კვარტალში ფიქსირდება სტაბილური გაუმჯობესება, განსაკუთრებით ბიზნეს სექტორში და ეს ცალსახად არის დაკავშირებული კერძო სექტორის მხრიდან მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობასთან. მისი შეფასებით, ეს ასევე პირდაპირ კავშირშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც ქვეყანას აქვს ზოგადად და სტაბილურობის კუთხით.
„ეს ყველაფერი იწვევს ბიზნეს სექტორის მხრიდან ნდობას და შესაბამისად გააქტიურებას, აქტიურობა უკვე რიცხვებში აისახება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია შევინარჩუნოთ, იმისთვის, რომ კიდევ უფრო კარგი ეკონომიკური შედეგები გვქონდეს მომავალში", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826