ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო კვლავ რეგიონის ლიდერად რჩება - ლევან დავითაშვილი
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოლიტიკური ძალის მხრიდან კეთდება არასაფუძვლიანი პროგნოზები, წინასწარი შედეგებით, ცხრა პროცენტიანი ზრდით უნდა დავასრულოთ 2024 წელი, მაგრამ, რაც ყველაზე საყურადღებოა, ის დაგეგმილი მაჩვენებელი, რომელიც გვქონდა 2025 და 2026 წლებში, მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, ასევე შენარჩუნებულია" - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა მსოფლიო ბანკის„მსოფლიოს ეკონომიკური პერსპექტივების" მიმოხილვის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით საქართველო კვლავ რეგიონის ლიდერად რჩება.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის, 2024-2026 წლებში საქართველოს ექნება საშუალოდ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (6.7 პროცენტი). მსოფლიო ბანკმა ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის შეფასებასა და 2025 წლის პროგნოზს. განახლებული შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 9.0%-ით გაიზარდა (2024 წლის ივნისის პროგნოზთან შედარებით 3.8 პ.პ-ით მეტი). მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.0%- ს (2024 წლის ივნისთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით მეტი), ხოლო 2026 წელს 5.0%- ს (2024 წლის ივნისთან შედარებით არ შეცვლილა) შეადგენს.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო გლობალურად ერთ-ერთი ლიდერია ეკონომიკური ზრდის მიხედვით, ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მასშტაბით, ზრდის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა, როგორც 2024, ასევე 2025 წელს.
2025-2026 წლის საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, ხოლო 5-ჯერ აღემატება ევროზონის ეკონომიკის ზრდის ტემპს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826