ექსპორტის მოცულობამ 11 თვეში გადააჭარბა 2022 წლის წლიურ მაჩვენებელს და 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა - ვახტანგ ცინცაძე
2023 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 11.1 პროცენტით გაიზარდა და 5.6 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია რომ ექსპორტის მოცულობამ უკვე გადააჭარბა 2022 წლის წლიურ მაჩვენებლებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ასევე რეკორდულია 2023 წლის 11 თვის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, რომელიც 19.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და წლიურად 14.7 პროცენტით არის გაზრდილი.
„აღსანიშნავია, რომ საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდეციები სწორედ იმ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების და სახელმწიფოს მიერ გადადგმული პოლიტიკის ნაბიჯების შედეგია, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა, ერთი მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ, საგარეო სავაჭრო ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
„2023 წლის 11 თვის მონაცემებით, უკვე ფიქსირდება რეკორდული მაჩვენებლები საგარეო ვაჭრობის კუთხით, შესაბამისად ჩვენი მოლოდინია, რომ 2023 წელი იქნება ისეთივე პოზიტიური მაჩვენებლების წელი, როგორიც იყო 2021 და 2022 წელი," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826