ელექტროენერგიის ტარიფების კლება ბიზნეს საშუალებას მისცემს გამოთავისუფლებული თანხები ისევ კომპანიაში დააბანდონ და განავითარონ - ვახტანგ ჭარაია
„ელექტროენერგიის ტარიფების კლება ბიზნეს საშუალებას მისცემს გამოთავისუფლებული თანხები ისევ კომპანიაში დააბანდონ და განავითარონ“ - ამის შესახებ ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ტარიფების კლება დადებითად აისახება როგორც ფიზიკურ, ისე კომერციულ მომხმარებლებზე.
„ისტორიას არ ახსოვს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი შემცირებულიყოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სემეკის გადაწყვეტილების შემდეგ ელექტროენერგიის ფასის დაახლოებით 10%-იანი კლება მოხდა. შესაბამისად, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ეს საკეთილდღეოდ გამოადგება. სხვა საკითხია თუ ვინ რა მასშტაბით მიიღებს ამ კეთილდღეობას. საყოფაცხოვრებო სექტორში ეს პროცესი უფრო მეტად აღქმადი იქნება, რადგან ტარიფის დაახლოებით 10%-ით შემცირება პირდაპირ გადასახადის შემცირებაზე იქნება ასახული, ხოლო ბიზნეს სექტორისთვის შეიძლება ელექტროენერგია არ იყოს გადამწყვეტი როლის მატარებელი მათ საქმიანობაში ფინანსური ხარჯების კუთხით, თუმცა რაც უფრო დიდია კომპანია და რაც უფრო მეტ ელეტქროენერგიას მოიხმარს მათი ხარჯიც ამ ნაწილში შემცირდება, მაგალითად, საწარმოები ელექტროენერგიაზე უფრო დიდად არიან დამოკიდებულები. აღნიშული როგორც მინიმუმ ბიზნეს მისცემს შესაძლებლობას თუნდაც მეტი მოგება მიიღონ, ან ეს გამოთავისუფლებული თანხები ისევ კომპანიაში დააბანდონ რეინვესტირების სახით. საბოლოო ჯამში, ტარიფის კლება პოზიტიურია და მნიშვნელოვანია საქართველოში, სადაც ასეთი პრეცედენტები არ ხდება ხოლმე“. - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
შეგახსენებთ, რომ სემეკის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან როგორც თბილისში, ისე რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდა. მარეგულირებლის განცხადებით, უკვე არსებული ტარიფები სხვა თანაბარ პირობებში უცვლელად მომდევნო 3 წლის განმავლობაში დარჩება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826