ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება პირველ კვარტალში 1.3%-ით გაიზარდა - Galt & Taggart
ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება 2025 წლის პირველ კვარტალში წლიურად 1.3%-ით გაიზარდა და 3.7 ტვტ.სთ შეადგინა. როგორც Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში „ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში“ წერია, 2025 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მატება ძირითადად საცალო (+5.4% წ/წ) და პირდაპირი მომხმარებლების (+1.3% წ/წ) გაზრდილი მოთხოვნის შედეგი იყო.
„მოხმარებაზე უარყოფითად იმოქმედა აფხაზეთის რეგიონის მოხმარების წლიურმა შემცირებამ (-8.7% წ/წ). პირდაპირი მომხმარებლების კატეგორიაში აღსანიშნავია კრიპტო-მაინინგ კომპანიების მოხმარების გახუთმაგება, რაც საერთაშორისო ბაზრებზე კრიპტო აქტივების ფასების ზრდამ გამოიწვია და ახალი საწარმოების დამატება (ძირითადად თავისუფალი ინდუსტრიული ზონები).
აღსანიშნავია, რომ ფერაშენადნობების ქარხნები 2024 წლის ოქტომბრიდან გაჩერებული იყვნენ, ხოლო მარტის თვეში შეინიშნება აქტივობის ზრდა, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ფეროშენადნობების ფასის ზრდის მოლოდინს უკავშირდება. ეს ტენდენცია სავარაუდოდ გაგრძელდება და მეორე კვარტალში ველოდებით ფეროშენადნობების მოხმარების ზრდას“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826