ელექტროენერგიის სეზონური დისბალანსის აღმოსაფხვრელად რეზერვუარიანი ჰესებისა და ქარის სადგურების წახალისებაა საჭირო - ანა ჯეჯელავა
ელექტროენერგიის სეზონური დისბალანსის აღმოსაფხვრელად რეზერვუარიანი ჰესებისა და ქარის სადგურების წახალისებაა საჭირო", - ამის შესახებ, Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ანა ჯეჯელავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„2026 წლის მონაცემებმა ცხადყო, რომ ქვეყანაში გვაქვს სეზონური დისბალანსი. ანუ ზამთარში გვჭირდება ელექტროენერგიის იმპორტი, თბოგენერაცია, ხოლო ზაფხულში პირველად წელს დაფიქსირდა სიჭარბე და საჭირო გახდა გენერაციის შეზღუდვა.
რეალურად, შეზღუდვის მოცულობა დაახლოებით იყო ნახევარი ტერავატსაათი ელექტროენერგია, რაც მიუღებელი შემოსავალი იყო სექტორისთვის 67 მილიონი ლარის მოცულობით.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა ახალი სიმძლავრის აუქციონის ფარგლებში მოხდეს ტექნოლოგიურად იმ სადგურების წახალისება, რომლებიც საჭიროა ელექტროსისტემისთვის. კერძოდ კი, ზამთრის გენერაცია.
ზამთრის გენერაცია კი უფრო მეტწილად აქვთ რეზერვუარიან ჰესებს და ქარის სადგურებს. აი, ზუსტად იმ დეფიციტურ პერიოდში, რაც ჩვენთვის არის სექტემბრიდან აპრილის თვის ჩათვლით“, - აცხადებს ანა ჯეჯელავა.
სხვა სიახლეები
ჰიდროელექტროსადგურები სრულად ადგილობრივი განახლებადი რესურსია და სისტემის მდგრადობასაც უწყობს ხელს - ანა ჯეჯელავა
24.11.2026.17:50
ჰიდროელექტროსადგურები სრულად ადგილობრივი განახლებადი რესურსია და სისტემის მდგრადობასაც უწყობს ხელს, - ამის შესახებ, Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ანა ჯეჯელავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ტექნოლოგიურად, როგორც შევაფასე და კიდევ ერთხელ შევაჯამებ, ეს მართლაც განსხვავებული ტექნოლოგიებია. მათ სხვადასხვა ღირებულება აქვთ სისტემისთვის და სხვადასხვანაირი მარგი ქმედების კოეფიციენტი.
ჰიდროელექტროსადგურები სრულად ადგილობრივი განახლებადი რესურსია და, გარდა იმისა, რომ აწარმოებს ელექტროენერგიას, სისტემის მდგრადობასაც უწყობს ხელს. ეს არის სიხშირის მართვის კუთხით, რასაც, ასე ვთქვათ, ინერციას ვეძახით, და დამატებით კიდევ სიმძლავრის მართვის კუთხით. ეს ძალიან კრიტიკული საკითხებია უშუალოდ ქსელის მდგრადობის ნაწილში.
ეს როგორც წყალსაცავიან ჰიდროელექტროსადგურებს ეხება, ასევე მოდინებაზე მომუშავე ჰესებსაც. განსხვავებული გენერაციის პროფილი აქვთ, მაგრამ ნამდვილად ორივეს შეუძლია. ერთი ძირითადი განსხვავება არის, რეალურად, წყალსაცავი აქვს თუ არა ჰესს. ორივე ერთნაირი პრინციპით მუშაობს - დაგუბება შეუძლია თუ არა და მართვა, როდის გამოიყენოს ეს წყალი, რომ გამოიმუშაოს ელექტროენერგია.
წყალსაცავიანს ამის შესაძლებლობა აქვს - სეზონური წყალსაცავი აქვს, ანუ დააგუბებს ამ წყალს დიდი ხანგრძლივი პერიოდით, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მოდინებაზე მომუშავე ჰესებს, მათ შეიძლება სულ რამდენიმე საათის რეზერვი ჰქონდეთ იმისთვის, რომ გადაანაწილონ გენერაცია. ანუ სეზონიდან სეზონზე მოდინებაზე მომუშავე ჰესი ვერ გადაიტანს თავის გენერაციას.
თუმცა, რა თქმა უნდა, ინერცია, რაც არის ეს მბრუნავი ტექნოლოგია, რომელიც აძლევს შესაძლებლობას, რომ სისტემამ სიხშირე მართოს, ორივე ტიპის ჰესს აქვს“, - აცხადებს ანა ჯეჯელავა.