ენერგეტიკა გამორჩეული პრიორიტეტის მქონე სექტორია ჩვენთვის - მარიამ ქვრივიშვილი
გვინდა ხელი შევუწყოთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში იზრდებოდეს დადგმული სიმძლავრეები, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციაშია და მათგან უკუკავშირის საფუძველზე მიღებული რეკომენდაციები სასარგებლოა
„ჩემი დღე ბიზნესთან ურთიერთობის ნაწილში არის ძალიან აქტიური და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დღის უდიდესი ნაწილი ეთმობა კერძო სექტორთან შეხვედრას, იქნება ეს პირადი სახის შეხვედრები, თუ გაფართოებული. ჩვენ სამინისტროში გაქვს ძალიან აქტიური მუშაობა უშუალოდ კონკრეტული მიმართულებების გაუმჯობესების, გაჯანსაღების და მათ შორის რეფორმების კუთხით. ჩვენ ტრადიციულად ვაგრძელებთ კერძო სექტორთან დიალოგს, მეწარმეებთან დიალოგს იმისთვის, რომ თითოეული ის გადაწყვეტილება, რასაც ჩვენი გუნდი მიიღებს იყოს მიმართული სექტორის განვითარებისთვის, მაგრამ ამავდროულად იყოს მიმართული უშუალოდ მეწარმეების, კერძო სექტორის გაძლიერებისთვის. ჩვენ ასე ვხედავთ ამ პროცესს. აქედან გამომდინარე დიალოგი არის უმნიშვნელოვანესი, ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ენერგეტიკის სექტორთან. ეს იყო ჩემი პირველი, ჩემს ახალ განახლებულ გუნდთან ერთად შეხვედრა გაფართოებული სახით და მიზანმიმართულად ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ყოფილიყო ენერგეტიკის სექტორი, რადგანაც მე მესმის, რომ არსებობდა ძალიან ბევრი კითხვა, რაზეც ჩვენი მხრიდან საჭირო იყო პასუხები. ფაქტობრივად თვენახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი სამუშაო შევასრულეთ, იმისთვის, რომ ამ კითხვებზე პასუხები გვქონოდა. მივიღეთ ძალიან ბევრი უკუკავშირი ჩვენთვისვე ძალიან სასარგებლო და კერძო სექტორთან ერთად შევთანხმდით, რომ ამ ფორმატს ექნება რეგულარული სახე იმისთვის, რომ დასახული, საერთო გეგმების, საერთო აღსრულების გეგმების მუდმივი მონიტორინგი გავაკეთოთ. ზოგად ენერგეტიკის სექტორზე ვიტყოდი რამდენიმე სიტყვით, რომ გამორჩეული პრიორიტეტის მქონე სექტორია ჩვენთვის. სამინისტრო იქნება ძალიან მოტივირებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ აღნიშნული სექტორის განვითარებას. პირველ რიგში უზრუნველყოთ ის, რომ ჩვენს ქვეყანაში იზრდებოდეს დადგმული სიმძლავრეები, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგოუსაფრთხოებას. და აქედან გამომდინარე მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან ერთად ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კიდევ უფრო ეფექტურები ვიქნებით იმისთვის, რომ ვიყოთ მხარდამჭერები სწორი პროექტების, სწორი ინვესტორების, რაც რა თქმა უნდა იქნება ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული და შემდგომში კერძო ინტერესებზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826