ენერგეტიკა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი დარგია - მიხეილ ხიდურელი
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს ახალი ეკონომიკური საქმიანობის - ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა ენერგეტიკის დარგის კომპანიებთან და ასოციაციებთან.
აღნიშნული ახალი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, სადგური აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდრო ენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.
შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ხიდურელმა მონაწილეებს დეტალურად გააცნო ახალი მექანიზმი და ის ეტაპები, თუ როგორ უნდა ჩაერთნენ პროგრამაში.
მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
მიხეილ ხიდურელის განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ეს ახალი მიმართულებაც სწორედ ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერად ემსახურება.
„ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი დარგია და „აწარმოე საქართველოში“ ამ მიმართულებითაც შეიტანს თავის წვლილს. როგორც იცით, მთავრობისა და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ბიზნეს უნივერსალის პროგრამას დაამატა ახალი ეკონომიკური საქმიანობა - მცირე ჰესების, მზისა და ქარის ელექტროენერგიის პროექტები. საუბარია 0,5 მგვტ-მდე სიმძლავრის პროექტებზე. ამ კომპონენტის საშუალებით კომპანიებსა და კერძო პირებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩვენი სააგენტოს დახმარებით დაიწყონ ელექტროენერგიის წარმოება იქნება ეს საწარმოებისთვის, სასტუმროებისთვის, სხვა ობიექტებისთვის თუ პირადი მოხმარებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
"ბიზნეს უნივერსალის" პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, არსებული საწარმოების გაფართოების და გადაიარაღების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით. მცირე ენერგეტიკის გარდა, „ბიზნეს უნივერსალის“ პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ინდუსტრიული დარგი, სასტუმრო ინდუსტრია, ბალნეოლოგიური კურორტები, ტურისტული სერვისები, აგრო და ეკოტურისტული ინდუსტრია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826