ენერგეტიკაში განხორციელებული ინვესტიციები მომხმარებლისთვის ენერგიის ხარისხსა და უწყვეტობას უზრუნველყოფს - დავით ნარმანია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ დაგეგმილი რეაბილიტაცია და ახალი მშენებლობები პირდაპირ აისახება მომხმარებელზე, რადგანაც მცირდება ავარიების რაოდენობა და გაუმჯობესდება ელექტროენერგიის ხარისხი.
„დიახ, მომხმარებელზე პირდაპირ აისახება. ერთის მხრივ ავარიები შემცირდება, მეორეს მხრივ უფრო ხარისხიანი ენერგია მიეწოდება მომხმარებელს. რეგიონებში ბევრგან გვაქვს ჯერ კიდევ პრობლემები, როცა ძაბვის ხარისხი არის დაბალი და ეს სწორედ უკავშირდება იმას, რომ მოხმარება გაზრდილია და ტრანსფორმატორები ვერ პასუხობს შესაბამის ძაბვას, ამიტომ ისინი უნდა გამოიცვალოს, ზოგან ახალი ტრანსფორმატორები დაემატოს და ასე შემდეგ.
გადაცემაში ინვესტიციები უზრუნველყოფს იმას, რომ გენერაციის ობიექტები სადაც აშენდება, იქიდან მეტი ელექტროენერგია იქნეს გამოტანილი და ერთიან სისტემაში ტრანსფორმირებული. ასევე გადაცემის ნაწილში ინვესტიციები უზრუნველყოფს იმას, რომ დამატებითი ალტერნატიული კვებები ექნებათ სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებს და ერთგან ავარიის შემთხვევაში ალტერნატიული კვებით მოხდება მათი მომარაგება. და რაც ყველაზე მთავარია - გენერაციაში ინვესტიციები. ქარის სადგურები შენდება ინტენსიურად და ახლა უკვე დასავლეთისკენ რომ მივდივართ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კასპის ტერიტორიაზე ვხედავთ უკვე ახალი ქარის სადგურების ინტენსიურ მშენებლობას. ისინი ჩვენთან უკვე შემოვიდნენ, რომ მათზე სემეკმა გასცეს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია და დავიწყეთ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება. მზის ობიექტებია დაგეგმილი და მიმდინარეობს მათი მშენებლობა, ამიტომ აქ მნიშვნელოვანი ინვესტიციები რაც ხორციელდება, უკვე უფრო მეტ ადგილობრივ ელექტროენერგიას მოგვცემს, რაც ენერგეტიკული უსაფრთხოების და მდგრადობის თვალსაზრისით ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“. - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სხვა სიახლეები
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა
22.08.2026.19:18
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის მექანიზმი წარმატებით აამოქმედა.
ახალი სისტემა გადამზიდველებს შესაძლებლობას აძლევს, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ელექტრონულ ფორმატში ისარგებლონ. ციფრული მექანიზმი უზრუნველყოფს ნებართვების სწრაფ და უსაფრთხო გაცვლას, აღრიცხვასა და კონტროლს, ამცირებს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ბარიერებს და ზრდის გადაზიდვების პროცესის ეფექტიანობას.
„ციფრული სანებართვო სისტემის დანერგვა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ადმინისტრირების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ყაზახეთთან მსგავსი სისტემების წარმატებით ამოქმედების შემდეგ, უზბეკეთთან ციფრულ ფორმატზე გადასვლა ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინსვლაა. აღნიშნული თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის მზარდი როლის ფონზე, რადგან სწრაფი, უსაფრთხო და ციფრული სანებართვო პროცედურები ხელს უწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებასა და საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური რგოლის, პოზიციების განმტკიცებას. პარტნიორ ქვეყნებთან სატრანსპორტო პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ.
სააგენტო ციფრულ სანებართვო სისტემაზე ეტაპობრივ გადასვლას სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც გეგმავს. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს საავტომობილო ტრანსპორტის კავშირების გაძლიერებას, სავაჭრო და ლოგისტიკური პროცედურების გამარტივებასა და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის, როლის შემდგომ განმტკიცებას.