ენერგეტიკის მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესი გაზრდილია - მარიამ ჩახვაშვილი
ინვესტორების მხრიდან ინტერესი ენერგეტიკის დარგის მიმართ ბევრად მომატებულია, - განაცხადა Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა მარიამ ჩახვაშვილმა, რომელიც დღეს ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო.
ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა და ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
როგორც Galt & Taggart-ის წარმომადგენელი აცხადებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ენერგეტიკის სექტორში გატარებული ახალი პოლიტიკის შედეგად ინვესტორების დაინტერესება გაზრდილია, რასაც Galt & Taggart-ში მომართვიანობის სტატისტიკაც ადასტურებს.
„მეტი დაინტერესებული მხარეა. უფრო მეტი ინვესტორია, მეტი ფიქრობს შემოსვლას სექტორში, მათ შორის, უცხოელებიც. ამიტომ მგონია, რომ მთავრობა აქტიურობამ ენერგეტიკის სექტორის მიმართ, ინვესტორების ინტერესიც გაააქტიურა“, - აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.
მისი განმარტებით, ახალი გუნდის პირობებში კომუნიკაცია უფრო გახსნილი გახდა და შეხვედრებს შორის პროგრესი აშკარად შეინიშნება.
„ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ ახალი მმართველობა ბევრად უფრო ღიაა შეხვედრების მიმართ. პირადად არაერთ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი, რომელზეც პირდაპირი კომუნიკაცია ხდება. რაც მთავარია, ვხედავთ შეხვედრიდან შეხვედრამდე პროგრესს - წინა შეხვედრებზე დაფიქსირებულ გამოწვევებზე შემდეგში უკვე გარკვეული ნაბიჯები არის გადადგმული ან გადაწყვეტილებები არის მიღებული“, - აღნიშნა Galt & Taggart-ის წარმომადგენელმა.
რაც შეეხება ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ წარდგენილ 10 წლიან სტრატეგიას, მარიამ ჩახვაშვილის თქმით, ამ გეგმას სექტორი დიდი ხანია ელოდებოდა.
4000 მგვტ-ის გაცხადებული პოლიტიკა ბევრისთვის პასუხი არის შეკითხვებზე. ვუყურებთ, რომ დაახლოებით ამდენი სიმძლავრე შევა სისტემაში, ამდენი გენერაცია გვექნება და იმპორტდამოკიდებულების მაჩვენებელი, რომელიც წლიურ ჭრილში დღეს 26%-ს შეადგენს, მზარდი მოხმარების პირობებშიც კი ეტაპობრივად შემცირდება,“ - აღნიშნა მარიამ ჩახვაშვილმა.
სხვა სიახლეები
სსფ-მ საქართველოს ეკონომიკის შესახებ IV მუხლის კონსულტაციების ანგარიში გამოაქვეყნა
11.06.2026.12:56
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვის (IV მუხლის კონსულტაციები) ანგარიში დაასრულა.
სსფ-ის შეფასებით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური ზრდა მყარია, რასაც ძლიერი მაკროეკონომიკური მართვა და ეკონომიკური პოლიტიკა უწყობს ხელს.
ამასთან, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე შენარჩუნება, საერთაშორისო რეზერვების გამყარება და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2025 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 7.5 პროცენტი იყო, რაც პანდემიამდე არსებულ ტენდენციას ზედიზედ მეხუთე წელია მნიშვნელოვნად აღემატება. სსფ-ის შეფასებით, მაკროეკონომიკური პოლიტიკა ძირითადად შეესაბამებოდა ფონდის რეკომენდაციებს.
ამასთან, სავალუტო ფონდი 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 6.5 პროცენტით ზრდას და ინფლაციის ეტაპობრივად შემცირებას პროგნოზირებს. აღსანიშნავია, რომ აპრილში სსფ-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2026 წლისთვის 5.3%-ს შეადგენდა.
„მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მიზანშეწონილი იყო. თუ ინფლაციური წნეხი უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდება, ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს მზადყოფნა დამატებითი გამკაცრებისთვის. ინფლაცია პიკს 2026 წლის შუა პერიოდში მიაღწევს, რაც ძირითადად ენერგორესურსების ფასების ზრდით იქნება განპირობებული. ამის შემდეგ კი ინფლაცია ეტაპობრივად დაუბრუნდება 3-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს“, - ნათქვამია სავალუტო ფონდის ანგარიშში.
IMF-ის შეფასებით, 2025 წელს საქართველოს საგარეო პოზიცია საშუალოვადიანი ფუნდამენტური ფაქტორებითა და სასურველი ეკონომიკური პოლიტიკით განსაზღვრულ დონეზე უფრო ძლიერი იყო.
ანგარიშის თანახმად, რეალური მშპ 2025 წელს 7.5 პროცენტით გაიზარდა და 2026 წლის დასაწყისშიც ძლიერი ზრდა შენარჩუნდა, ხოლო ინფლაციამ ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 2026 წლის აპრილში 5.9 პროცენტს მიაღწია. ფისკალური და საგარეო ბუფერები გაძლიერდა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე , მშპ-ის 2.6 პროცენტამდე შემცირდა, საერთაშორისო რეზერვებმა სსფ-ის მიერ განსაზღვრულ ადეკვატურობის ზღვარს მიაღწია, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 35 პროცენტზე ქვემოთ შემცირდა.
„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებისა და საერთაშორისო რეზერვების ზრდის ფონზე, საგარეო სექტორის პოზიცია გაძლიერდა. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე, მშპ-ის 2.6 პროცენტამდე შემცირდა, რაც ძირითადად მომსახურების ექსპორტის (განსაკუთრებით ICT-ისა და ტურიზმის) ძლიერი ზრდითა და ნავთობის დაბალი ფასების ფონზე საქონლის იმპორტის დაბალი ზრდით იყო განპირობებული. 2026 წლის აპრილის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 6.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც სსფ-ის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებლის 102 პროცენტს შეესაბამება. ეს შედეგი ასახავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წინა წლების განმავლობაში 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის წმინდა სავალუტო შესყიდვებს, რასაც ხელი შეუწყო როგორც დედოლარიზაციის პროცესმა და ფინანსურმა შემოდინებებმა, ისე ოქროს ფასის ზრდით მიღებულმა შეფასებითმა მოგებამ“, - აღნიშნავს სავალუტო ფონდი.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ჯანსაღია. ბანკები კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მომგებიანი არიან, ხოლო პრობლემური სესხების წილი დაბალ დონეზე ნარჩუნდება.
„გონივრულმა მაკროეკონომიკურმა მართვამ და მაკროპრუდენციულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკონომიკის შემდგომ დედოლარიზაციას. ამასთან, დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირდა, რაც ბაზრის ნდობის გაუმჯობესებამ და აშშ დოლარის შესუსტებამ განაპირობა“, - ნათქვამია სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც სსფ-ის ტექნიკური დახმარების (TA) რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა.
სსფ-ის შეფასებით, სებ-ის მმართველობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს შორის უნდა აღინიშნოს აღმასრულებელ წევრებს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილება და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ჩანაცვლების მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერება.
„2022 წლის უსაფრთხოების შეფასების (Safeguards Assessment) რეკომენდაციების უმეტესობა უკვე განხორციელდა, მათ შორის ახლახან გაუქმდა მთავრობისთვის დისკრეციული ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა“, - ნათქვამია სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ანგარიშში.
სსფ-ი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებისთვის დამატებითი რეფორმებია საჭირო. ფონდის შეფასებით, კოლეგიური გადაწყვეტილების მიღების მოდელზე გადასვლა გადაწყვეტილებების ხარისხს კოლექტიური განხილვის გზით გააუმჯობესებს.