ენერგეტიკის მიმართულებით გვაქვს რამდენიმე მსხვილი სტრატეგიული ენერგოობიექტი, რომლის განვითარებასაც უახლოეს მომავალში გეგმავს საქართველოს მთავრობა - ირაკლი გაბრიაძე
ენერგეტიკის მიმართულებით გვაქვს რამდენიმე მსხვილი სტრატეგიული ენერგოობიექტი, რომლის განვითარებასაც უახლოეს მომავალში გეგმავს საქართველოს მთავრობა, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.
„სწორად აღნიშნეთ, კორპორაციის ერთ-ერთი ფუნქციაც, რაც განუსაზღვრა მას საქართველოს მთავრობამ, არის ის, რომ კორპორაციამ ითამაშოს კატალიზატორის და შემკვრელის როლი, როდესაც საქმე ეხება მსხვილ სტრატეგიულ პროექტებს, და წარმოადგინოს სახელმწიფო ამ მსხვილ სტრატეგიულ პროექტებში იმ დონეზე, რა დონეზეც საჭირო იქნება ამ პროექტების განხორციელებაში კორპორაციის ჩართულობა.
ამ მიმართულებით აღსანიშნავია ენერგეტიკა და ვიცით, რომ გვაქვს რამდენიმე მსხვილი სტრატეგიული ენერგოობიექტი, რომლის განვითარებასაც გეგმავს უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა, და ამ პროექტებში კორპორაცია ჩაერთვება როგორც შემკვრელი, წარმოადგენს სახელმწიფოს, დაიცავს სახელმწიფოს ინტერესებს და მოახდენს, რომ კერძო ინვესტიციის მობილიზებაც მოახერხოს პროექტებში, სახელმწიფოს ინვესტიციაც, თუ საჭირო იქნა, განახორციელოს და მართოს აღნიშნული პროცესი.
ამ მიდგომებით ვიხელმძღვანელებთ ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის. სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს რამდენიმე კრიტერიუმით ვსაზღვრავთ, წეღანაც აღვნიშნეთ, რომელიც ავითარებს და ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას. მაგალითად, იქნება ეს ტრანსპორტისა და დაკავშირებადობის მიმართულებით, იქნება ეს ენერგეტიკის მიმართულებით, რომელიც აუცილებელი დარგი და სექტორია, იქნება ეს ექსპორტის პოტენციალის ზრდის მიმართულებით, თუ, მაგალითად, მაღალანაზღაურებადი დასაქმების ადგილების შექმნის მიმართულებით, ან ისეთი დარგების განვითარების მიმართულებით, რომლებიც ქვეყანაში არ არსებობს და სადაც საქართველოს მთავრობა ხედავს პოტენციალს იმისა, რომ აღნიშნული დარგების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და გადაცემის ეფექტების უფრო მეტად განვითარებას.
იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ჩამოყალიბდეს და შეიქმნას ისეთი საწარმოები და ისეთი ინდუსტრიები, რომლებსაც ექნებათ დიდი გადაცემის ეფექტი, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესზე, და ზუსტად ასეთი პროექტები გვესახება ჩვენ როგორც სტრატეგიული პროექტები“, - აცხადებს ირაკლი გაბრიაძე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826