ენერგეტიკის მომავალი სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ჩვენს უნარზე, ავაშენოთ ახალი, საიმედო კავშირები რეგიონებს შორის - „მწვანე ენერგიის დერეფნის" მსგავსი ინიციატივები უფრო უსაფრთხო, ურთიერთდაკავშირებულ და მდგრად ენერგეტიკულ მომავალს უყრის საფუძველს l მარიამ ქვრივიშვილი
„საქართველოსთვის „მწვანე ენერგიის დერეფანი" არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივა, არამედ გრძელვადიანი ინვესტიციაა რეგიონული თანამშრომლობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რიგით მე-12 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, „მწვანე ენერგიის დერეფანი" წარმოადგენს სტრატეგიულ ინიციატივას, რომელიც გააძლიერებს რეგიონულ ენერგეტიკულ კავშირებს, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის რესურსების ინტეგრაციას და წვლილს შეიტანს რეგიონის საერთო მიზნის მიღწევაში, რომელიც სუფთა ენერგიაზე გადასვლას ითვალისწინებს.
„ენერგეტიკის მომავალი სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ჩვენს უნარზე, ავაშენოთ ახალი, საიმედო კავშირები რეგიონებს შორის. მსგავსი ინიციატივები უფრო უსაფრთხო, ურთიერთდაკავშირებულ და მდგრად ენერგეტიკულ მომავალს უყრის საფუძველს. სუფთა ელექტროენერგიისთვის ახალი მარშრუტების შექმნით, ჩვენ ვაძლიერებთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ხელს ვუწყობთ ბაზრის ინტეგრაციას. შესაბამისად, „მწვანე ენერგიის დერეფანი" არის ინვესტიცია არა მხოლოდ დღევანდელ ენერგოსისტემებში, არამედ მომავალი თაობების მედეგობასა და კეთილდღეობაში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს ოთხ ქვეყანას შორის დამყარებულ მჭიდრო თანამშრომლობას. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებს კონსტრუქციული ჩართულობისთვის.
"საქართველოს ამბიციაა, წვლილი შეიტანოს ამ ინიციატივაში არა მხოლოდ თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, არამედ საკუთარი განახლებადი ენერგიის რესურსების მზარდი განვითარებით", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ბაქოში მიმდინარე მინისტერიალზე შეთანხმების მონაწილე ქვეყნების - აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობათა წარმომადგენლები „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის საკითხებს, ასევე პროექტის სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრად დეტალურ სამოქმედო გეგმას განიხილავენ.
მინისტერიალში მონაწილეობენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: ინგა ფხალაძე და გენადი არველაძე, ასევე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე.
სხვა სიახლეები
„საქართველოს ფოსტა" მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით, რასაც „ალიბაბა ჯგუფთან" გაფორმებული ხელშეკრულებაც ადასტურებს - ვახტანგ ცინცაძე
22.07.2026.21:23
„ალიბაბა ჯგუფთან" გაფორმებული ხელშეკრულება და აღნიშნული მიმართულებით ოპერაციების დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „საქართველოს ფოსტა" მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საუბრისას.
საქართველოს ფოსტამ" Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან გააფორმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის განვითარების მიმართულებით.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, „საქართველოს ფოსტის" საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობა აფართოებს მის ბიზნესშესაძლებლობებს, რაც, პოზიტიურად აისახება არა მხოლოდ საქართველოს ფოსტის შემოსავლებზე, არამედ, ზოგადად, ეს საშუალებას აძლევს სხვა ბიზნეს სუბიექტებს, დაამყარონ თანამშრომლობა „საქართველოს ფოსტასთან." როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ „საქართველოს ფოსტის" და „ალიბაბა ჯგუფის" თანამშრომლობა წარმატებული იქნება, კიდევ უფრო გაფართოვდება და კომპანია თავის მომხმარებლებს არაერთ მნიშვნელოვან სერვისს შესთავაზებს.
პროექტის მიხედვით, საქართველოში განხორციელდება საერთაშორისო გზავნილებისა და ტვირთების მიღება, დახარისხება, კონსოლიდაცია და შემდგომ, დანიშნულების ქვეყნებში ტრანსპორტირება.
„საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ „საქართველოს ფოსტა" გახდეს მომგებიანი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ, მომხმარებელთა კმაყოფილებას, მეორე მხრივ კი წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის განვითარებაში და ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი შემოსავლების გენერირებას" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.