ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ქ. ქუთაისში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ. შეხვედრა გაიმართა სკოლა „პროგრესში“, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის ხელმძღვანელი პირები და UNICEF-ის წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტებმა, თორნიკე აფრიაშვილმა დ ირაკლი გორდულაძემ მონაწილეებს გააცნეს განახლებადი ენერგიების განვითარების მნიშვნელობა, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ტრენინგების დასრულების შემდგომ სკოლის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობის ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში განახლებადი ენერგიის როლის შესახებ მათი ინფორმირება.
პროექტი ხორციელდება სამეგრელო-ზემო-სვანეთის, გურიის და იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებში, 35 სკოლის 500-მდე მოსწავლისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს უტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები. პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826