ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია, სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების ზრდას - მარიამ ქვრივიშვილი
„ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია და სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც დადგმული სიმძლავრეების ზრდას უზრუნველყოფს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა. ფორუმის დისკუსიის თემა იყო „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები". ფორუმი მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა და დარგის წარმომადგენლებს სექტორში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრმა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის შესაძლებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 10-წლიანი სტრატეგია ეფუძნება კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს და ელექტროსისტემის რეალურ საჭიროებებს.
„ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ იმ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის შემდგომ განვითარებას. ვისაუბრეთ 10-წლიან სტრატეგიაზე და იმ გეგმებზე, რაც გულისხმობს, რომ 10 წლის შემდგომ ქვეყანა უნდა გახდეს ელექტროგენერაციის თვალსაზრისით თვითკმარი. ვისაუბრეთ ასევე საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მნიშვნელობაზე, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც ევროკავშირისთვის და შევჯერდით, რომ მიმდინარე რეფორმა, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, ერთობლივი ძალისხმევით გაგრძელდება", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა ასევე ენერგეტიკის სექტორის მოთამაშეების მხრიდან საბანკო სექტორში გაზრდილ მიმართვიანობაზეც. მინისტრის თქმით, სახელმწიფოსა და ბანკების პოზიტიური შეფასებები ერთმანეთს ემთხვევა, რაც სექტორში მნიშვნელოვან ძვრებს ადასტურებს.
ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ასევე სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა Business Insider Georgia-ს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
სხვა სიახლეები
წლის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვის გარეშე შეძლებს - ლევან მოსეშვილი
28.07.2026.17:13
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით იქნება აღჭურვილი, რაც აეროპორტს უფრო დიდი, მათ შორის შორმაგისტრალური საჰაერო ხომალდების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
„წლის ბოლოდან გვექნება შესაძლებლობა, რომ მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები შეზღუდვის გარეშე. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აღიჭურვება თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღოს უფრო დიდი და შორმაგისტრალური საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ტვირთების მოზიდვასა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო ავიაგადაზიდვების განვითარებას", – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტია.
„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გაძლიერებაზე, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონში როგორც საავიაციო ჰაბი", – აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.