ენერგეტიკულ სექტორს აქვს უნიკალური შესაძლებლობა შემდეგი წლების განმავლობაში მოიზიდოს უზარმაზარი ინვესტიციები - არჩილ გაჩეჩილაძე
„ენერგეტიკულ სექტორს აქვს უნიკალური შანსი, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღოს უზარმაზარი ინვესტიციები“, - განაცხადა ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
ეკონომიკური ფორუმის 25-ე დისკუსიის თემა „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები“ იყო.
პანელურ დისკუსიაში გარდა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორისა მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშილი.
„ენერგეტიკულ სექტორს აქვს უნიკალური შანსი, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღოს უზარმაზარი ინვესტიციები, მაგრამ ამისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ თამაშის წესები სწორად იყოს გაგებული და გასაგები ყველა ინვესტორისთვის. კერძოდ, რა იგულისხმება - ზედმეტობები ზაფხულისა და ზამთრის განმავლობაში, როგორ დაბალანსდება იმპორტ-ექსპორტის ნაწილი. უმნიშვნელოვანესი ამ კუთხით არის წყალქვეშა კაბელი და ორმხრივი ინტერესის აღიარება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რაც უდიდესი დადებითი იმპულსი იყო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯარიმების პატიება, რომელიც განხორციელდა, უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს საშუალებას აძლევს კერძო ინვესტორებს, რომ უკეთ გათვალონ რისკები და განახორციელონ მომავალი ინვესტიციები
ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი არის დაგროვითი ჰესები და ქარის ენერგია, ვინაიდან ამ ტიპის ენერგიები საშუალებას გვაძლევს, რომ დავაბალანსოთ ზამთრის დეფიციტი, რაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მთავარი გამოწვევაა“, - აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826