ენერგეტიკული ბაზრის მოთამაშეებისთვის ვაჭრობაში მონაწილეობა საწყის ეტაპზე ნებაყოფლობითი იქნება
ენერგეტიკული ბაზრის მოთამაშეებისთვის ვაჭრობაში მონაწილეობა საწყის ეტაპზე ნებაყოფლობითი იქნება.
ამის შესახებ განცხადება დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ პარტნიორებთან მიდის მოლაპარაკებები, რათა ბაზრის ლიბერალიზაცია ეტაპობრივად მოხდეს.
„რაც შეეხება ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების საკითხს, გვაქვს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორებთან, რომ ეტაპობრივად მოხდეს ბაზრის ლიბერალიზაცია. ეს არის ყველაზე რთული რეფორმა, რომელიც ბევრმა ქვეყანამ გაიარა საკმაოდ ფრთხილად და ამისთვის გრძელვადიანი პერიოდი დასჭირდათ, რომ არ მომხდარიყო ეკონომიკის დაზიანება.
ამიტომ ჩვენთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ვსაუბრობდით ამოქმედების გადავადებაზე ეს არ იყო ჩვენი ცალმხრივი პოზიცია. აქ იყო კონკრეტულად სექტორების მოთხოვნა და თხოვნები და ეს არის მნიშვნელოვანი დარგები ჩვენი ეკონომიკისთვის, მნიშვნელოვანი საექსპორტო დარგები, რომელთა თხოვნები და ლეგიტიმური პოზიციები ჩვენ გავითვალისწინეთ. ამიტომ ჩვენ ახლა შემოგვაქვს ვაჭრობის ის რეჟიმები, რომელიც დამუშავებულია სიმულაციის პირობებში.
ეს არის დღით ადრე და დღიურად კონკრეტული ბიდების გაკეთება, რომ სიმულაციის რეჟიმიდან გადავიდეთ რეალურ რეჟიმში. მაგრამ, ეტაპობრივად. აქტორები ამ სავაჭრო ოპერაციებში იქნებიან საწყის ეტაპზე ნებაყოფლობითი პრინციპით. შემდგომ ეტაპზე ამას დაემატება და გარკვეული პერიოდი დაგვჭირდება იმისთვის, რომ სრულად ლიბერალური იყოს ეს პროცესი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდა. დაგეგმილია, რომ ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826