ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჩამოწერილი ჯარიმა სრულად უნდა მოხმარდეს ენერგოპროექტების განხორციელებას, რაც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას დააჩქარებს - მარიამ ქვრივიშვილი
„ენერგეტიკული სექტორისთვის 1 მლრდ. ლარის ჩამოწერა სახელმწიფოს მხრიდან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ეს ინვესტორებს, მცირე, საშუალო და მსხვილ მეწარმეებს საშუალებას მისცემს, ენერგეტიკული პროექტები კიდევ უფრო სწრაფად განახორციელონ. გადაწყვეტილება პროცესის გამჭირვალობას უზრუნველყოფს. ამით სახელმწიფო კერძო სექტორთან მიმართებაში სრულიად ახალ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე გადადის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის თაობაზე სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი 1 მლრდ ლარის ოდენობის ჯარიმის დათქმით ჩამოწერასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში მონაწილეობს.
როგორც მინისტრმა განმარტა, ენერგეტიკის სექტორს საქართველოს ეკონომიკაში გამორჩეულად დიდი ღირებულება და მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, სახელმწიფო ცდილობს, მაქსიმალურად უზრუნველყოს ყველა იმ არსებული ბერკეტისა და შემაფერხებელი გარემოების აღმოფხვრა, რაც ენერგეტიკული პროექტების განხორციელების ტემპის დაჩქარებას განაპირობებს.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმის ჩამოწერა განსაზღვრული დათქმით ხდება.
„დათქმა ითვალისწინებს ინვესტორების მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩამოწერილი ჯარიმის სრულად აღდგენას, ისევე როგორც ახალი საურავების დარიცხვას, რომელიც დაკავშირებული იქნება, მათ შორის, შეუსრულებელ ვალდებულებასთან. ჩამოწერილი ჯარიმები სრულად უნდა მოხმარდეს ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას დააჩქარებს," - აღნიშნა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს - ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება | ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში
11.09.2026.18:29
„ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს - შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-ისთვის (China Global Television Network) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოს ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში CIFTIS-ში მონაწილეობასა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ CIFTIS-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ კონტაქტების დამყარებისა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებისთვისაც.
„მოუთმენლად ველოდებით, რომ ქართული ბიზნესი და კერძო სექტორი ახალ პარტნიორებს შეხვდება. მაგალითად, IT და ტექნოლოგიების სექტორს თუ ავიღებთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს საქართველოსთვის ძალიან საინტერესო წარმატების ისტორიად იქცა, ვინაიდან თითქმის ნულოვანი ნიშნულიდან განვითარდა და დღეს საქართველოს მშპ-ის (GDP) თითქმის 10%-ს შეადგენს. ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს. შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ CGTN-თან ინტერვიუში განმარტა, რომ საქართველო CIFTIS-ში მონაწილეობას პირველად იღებს. მანვე იმ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ეს პლატფორმა მონაწილე კომპანიებსა და ქვეყნებს სთავაზობს.
ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ჩინეთს, როგორც საექსპორტო ბაზარს, საქართველოსთვის ცენტრალური ადგილი უკავია.
„უპირველეს ყოვლისა, ეს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია, საქართველოს კი ნამდვილად სჭირდება ბაზრების დივერსიფიკაცია ერთი კონკრეტული რეგიონიდან უფრო ფართო გეოგრაფიაზე. ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება. როდესაც CIFTIS-სა და მომსახურების სექტორზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ეს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას კიდევ ერთ ახალ განზომილებას შემატებს, რათა ანალოგიურად ვიმუშაოთ მომსახურების სფეროს განვითარებაზე, ექსპორტსა და ინვესტიციებზე. სწორედ ამის მიღწევას ველით ამ ღონისძიებიდან და ზოგადად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგიდან", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხთან საუბრისას.