„ენერგო პრო ჯორჯია“ ზამთარს მომზადებული ხვდება - რომეო მიქაუტაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ სათაო ოფისს ეწვია და კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად ზამთრის სეზონში საქართველოს ენერგომომარაგების საკითხები განიხილა. კომპანია, თბილისის შემოგარენში და საქართველოს რეგიონებში საქმიანობს და ელექტროენერგიას 1,2 მლნ-ზე მეტი აბონენტს აწვდის.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, „ენერგო პრო ჯორჯიას“ საქართველოს რეგიონებში ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაციისთვის ინვესტიციებს ახორციელებს. „ჩვენ ვნახეთ, რომ „ენერგო პრო ჯორჯია“ ზამთარს მომზადებული ხვდება. ასევე გავეცანით, კომპანიის განვითარების სამოქმედო გეგმას მომდევნო წლებისთვის. კომპანიამ 2023 წელს დაახლოებით 70 მლნ ლარის დახარჯა რეგიონებში ქსელის რეაბილიტაციისთვის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის საფეხურებზე, ამასთან, 2024 წელს ინვესტიციის მაჩვენებელი ორჯერ მეტი, 150 მლნ ლარის ფარგლებში იქნება,“ - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.
რომეო მიქაუტაძე ასევე გაეცნო „ენერგო პროს“ მთავარი სადისპეტჩერო მართვის ცენტრის საქმიანობას, საიდანაც კომპანია უზრუნველყოფს ქვესადგურებისა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გამართულ საქმიანობას. კომპანიაში დანერგილია დისტანციური მართვის თანამედროვე სისტემა, რომლითაც ხდება ქვესადგურებიდან მონაცემების წამოღება და სადისპეტჩეროდან პროცესის დისტანციურად მართვა. ითქვა, რომ კომპანია ახორციელებს 4-წლიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც „ენერგო პროს“ ყველა ძირითადი სადგური აღნიშნულ სისტემაში ჩაერთვება, რაც დისპეტჩერებს მის მართვას გაუადვილებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826