ენერგორესურსების მოხმარების მაჩვენებელი მზარდია - გოგიტა თოდრაძე
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 1.0 პროცენტით გაიზარდა და 14 395.8 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. 2023 წლის განმავლობაში მოპოვებულია 38.9 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2022 წელთან შედარებით 6.3 პროცენტით მეტი), 148.0 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 1.2 პროცენტით მეტი) და 16.4 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 12.3 პროცენტით მეტი).
როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, ენერგორესურსების მიმართულებით მოხმარება მზარდია, რაც ეკონომიკურ ზრდასთან პირდაპირ არის კორელაციაში.
„თუ დავაკვირდებით სტრუქტურას მოხმარების მაჩვენებელი მზარდია. ეს განსაკუთრებით აისახება ნავთობპროდუქტებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა იზრდება. მოხმარებაში ლიდერ პოზიციას იკავებს ბუნებრივი აირი, დაახლოებით 40-42%-ია მასზე, შემდეგ მოდის ნავთობპროდუქტები დაახლოებით 30%-იანი წილით. ხოლო შემდეგაა ელექტროენერგია დაახლოებით 20-22%-იანი წილით. რაც შეეხება სექტორებს, ძალია საინტერესოა, რომ მოხმარების მიხედვით პირველ ადგილზე სტრუქტურაში წარმოდგენილია ტრანსპორტის სექტორი, მეორე ადგილზე შინამეურნეობების სექტორი, ხოლო შემდეგ მრეწველობა. ანუ ეს 3 სექტორი გახლავთ უდიდესი მომხმარებელი ენერგორესურსების. ეკონომიკური ზრდის პარალელურად მოსალოდნელია მოხმარების ზრდა. ეს პირდაპირ კორელაციაშია ერთმანეთთან, განსაკუთრებით როცა ტრანსპორტის და მრეწველობის სექტორზე ვსაუბრობთ.
ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება გაზრდილია, უმნიშვნელოდ 1%-ით თუმცა ზრდის ტენდენცია შეინიშნება. აქ განსაკუთრებით ჰიდრო ელექტრო სადგურების მიმართულებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. გარდა ამისა თბოელექტროსადგურებიც გაქვს ამ ამ შემთხვევაში გაქვს პოზიტიური ტენდენციები“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826