ექსპორტის ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იზრდება საქართველოში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის მოცულობა და კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე - ვახტანგ ცინცაძე
2026 წლის იანვარში ექსპორტის მოცულობა 19%-ით გაიზარდა და 480 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელს, ის 68%-ით, 313 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ექსპორტის აღნიშნული ზრდა და მოცულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იზრდება საქართველოში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის მოცულობა და კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აღნიშნულს ხელს უწყობს სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდის კუთხით.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, აღნიშნულ ტენდენციას ასევე ხელს უწყობს ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რაც საქართველოს აქვს. „ჩვენი მოლოდინია, რომ ექსპორტის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება და აღნიშნული აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე. შესაბამისად, ჩვენ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს როგორც ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 2026 წელს, ასევე სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
ქვეყნები, სადაც საქართველო ნუშის ექსპორტს ახდენს
23.10.2026.19:00
საქართველოდან ნუშის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 125.2 ათასი დოლარის ღირებულების 66.4 ტონა ნუში გაიტანა ექსპორტზე, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13.0 ტონა. შესაბამისად, ქვეყნიდან ნუშის ექსპორტი 410.8%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოსთვის ნუშის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.
TOP 2 ბაზარი, სადაც საქართველო ნუშს ყიდის:
• უზბეკეთი - 65.0 ტონა - 119.0 ათასი დოლარი;
• რუსეთი - 1.4 ტონა - 6.2 ათასი დოლარი;
რაც შეეხება ნუშის იმპორტს, აქ 138.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.
2026 წლის 9 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 3 ბაზრიდან განხორციელდა:
• აზერბაიჯანი - 286.0 ტონა - 492.7 ათასი დოლარი;
• აშშ - 40.8 ტონა - 203.7 ათასი დოლარი;
• თურქეთი - 33.3 ტონა - 176.5 ათასი დოლარი.