ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - თამარ იოსელიანი
„ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „იმედის კვირა".
როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ტვირთბრუნვის კუთხით რკინიგზაში ძალიან კარგი ტენდენციები ფიქსირდება, მათ შორის ბოლო ათი წლის ჭრილში.
„ბოლო ათწლეულის მანძილზე დაახლოებით 7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა და, შესაბამისად, ეს მაჩვენებელი ნამდვილად რეკორდულია. ამ კუთხით დამატებით უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამს საქართველოს რკინიგზის ახალი მენეჯმენტი იმისთვის, რომ გაზარდოს რკინიგზის ეფექტიანობა და გააორმაგოს გამტარუნარიანობა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანმა ისაუბრა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე მასშტაბური განახლების პროექტის მნიშვნელობაზე ზოგადად შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების კონტექსტში.
„ის განახლებები, რომელიც დღეს საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება, ის ინვესტიციები, რომელიც იდება გაჯანსაღების მიმართულებით, სწორედ მოხმარდება ერთიან კონტექსტში საქართველოს სატრანსპორტო სისტემას, რომელიც მოიცავს როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ასევე ახალ გზებს და სარკინიგზო ხაზებს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
სამომავლო მიწოდებაში ზომასთან ერთად მზარდია მაღალი კლასის საწყობების წილიც - Galt & Taggart
27.07.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,საწყობები და ლოგისტიკა საქართველოში” აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, საქართველოს სასაწყობე ბაზარი გარდამავალ ეტაპზეა - ვაჭრობისა და ტვირთბრუნვის ზრდამ საწყობებზე მოთხოვნა გაზარდა რაც მიწოდების ტემპის დაჩქარებაში აისახა, მაღალი კლასის დიდი ფართების დეფიციტმა ქირა მნიშვნელოვნად გაზარდა, ხოლო მსხვილმა კომპანიებმა პასუხად საკუთარი თანამედროვე სადისტრიბუციო ცენტრების მშენებლობა დაიწყეს. ამასთან, დოკუემნტში აღნიშნულია, რომ საწყობების უმეტესობაში კომპანიები საკუთარ ლოგისტიკურ ჯაჭვს თავად მართავენ, 3PL კვლავ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, თუმცა ზრდის პოტენციალი აქვს ადგილობრივი ელ-კომერციის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან მოთხოვნის ზრის და უცხოური კომპანიების ქვეყანაში შემოსვლის გათვალისწინებით.
,,საქართველოში ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის წილი მშპ-ში
სტაბილურად 6-7%-ის ფარგლებშია, რაც ჩამორჩება განვითარებული
ლოგისტიკური ჰაბების მაჩვენებელს და ზრდის პოტენციალზე მიუთითებს. სექტორის შემოსავლები გასულ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა;
აქტივობა ძირითადად თბილისში, ფოთსა და ბათუმშია კონცენტრირებული. გაზრდილმა ტვირთბრუნვამ მოთხოვნა დიდწილად საპორტო ქალაქებში
საწყობებზე გაზარდა, ხოლო, თბილისში ზრდის მთავარი მიზეზი გაზრდილი სამომხმარებლო დანახარჯები იყო, რამაც მნიშვნელოვანი მოთხოვნა გააჩინა ახალ სასაწყობე ინფრასტრუქტურაზე. თბილისსა და ბათუმში საწყობები ძირითადად ადგილობრივ მოთხოვნას ემსახურება, ხოლო ფოთში - საერთაშორისო ტვირთების დამუშავებას. თბილისში საწყობების მიწოდების ზრდის ტემპი 2024 წლიდან დაჩქარდა, თუმცა ჯამური მიწოდება შესადარის ქალაქებთან მიმართებით კვლავ დაბალია. სამომავლო მიწოდების 85%, მიწის ხელმისაწვდომობის გამო, სამგორსა და თბილისის შემოგარენშია კონცენტრირებული”, - წერს Galt & Taggart-ი.