ერაყი ექვს წელიწადში ნავთობის მოპოვების დღიური მოცულობის 8 - 10 მილიონ ბარელამდე გაზრდას გეგმავს
ერაყმა საუდის არაბეთში დელეგაცია გაგზავნა OPEC-ისგან ნავთობის მოპოვების უფრო მაღალი კვოტის მისაღებად, რადგან ქვეყანა მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ნავთობის მოპოვების დღიური მოცულობის 8–10 მილიონ ბარელამდე გაზრდას გეგმავს, განაცხადა პარასკევს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.
მიმდინარე კონფლიქტის დაწყებამდე ერაყი დღეში დაახლოებით 4 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდა.
ერაყი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებზეც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივმა ჩაკეტვამ ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა.
OPEC+-მა ტეხასში დაფუძნებულ კომპანია DeGolyer and MacNaughton-ს დაავალა, დამოუკიდებლად შეაფასოს ნავთობის მწარმოებელი ჯგუფის წევრი ქვეყნების უმეტესობის, მათ შორის ერაყის, მაქსიმალური მდგრადი მოპოვების შესაძლებლობები.
მოსალოდნელია, რომ საკონსულტაციო კომპანია დასკვნებს OPEC-ის სამდივნოს სექტემბრის ბოლოს წარუდგენს. ამის შემდეგ დაიწყება დისკუსიები 2027 წლიდან გამოსაყენებელი ნავთობის მოპოვების ახალი საბაზისო მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ.
საბაზისო მაჩვენებლებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ხშირად სადავოა, რადგან უფრო მაღალი საბაზისო მაჩვენებელი, როგორც წესი, ნავთობის მოპოვების უფრო დიდ დასაშვებ მოცულობას ნიშნავს. შესაბამისად, ქვეყნებს უფრო მაღალი საბაზისო მაჩვენებლის მოთხოვნის მოტივაცია აქვთ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826