ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე და სებ-ის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ბაზრის მონაწილეებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბაზრის მონაწილეებს მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული, ასევე, დაგეგმილი ღონისძიებები და აქტივობები გააცნო. კერძოდ, საზედამხედველო პრაქტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარების, ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრის კვლევების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და დასახული გეგმები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
გარდა ამისა, შეხვედრისას ბაზრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ინტერაქტიულ სტატისტიკას, რომელიც პირველად მომზადდა და დაინტერესებული მხარეებისთვის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი. სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც რეგულარულად განახლდება, მომავალში სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის სხვა სეგმენტებიც დაემატება.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ადგილობრივი სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის კვლევის წარდგენას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც დეპარტამენტის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისა და კვლევების განყოფილების თანამშრომლებმა ბაზრის განვითარების ტენდენციები მიმოიხილეს.
აღსანიშნია, რომ ბოლო პერიოდში სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტივობა გაზრდილია, რისი გათვალისწინებითაც ინტერაქტიული სტატისტიკის წარმოება და სხვადასხვა ტიპის კვლევების განხორციელება განსაკუთრებით აქტუალურია.
მსგავსი შეხვედრები ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებთან მომავალშიც გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826