ეროვნული ბანკი ახალ კვლევით ნაშრომს აქვეყნებს
საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს. კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში. ნაშრომების სერია ვრცელდება კვლევებში განხილულ თემებზე დისკუსიის ხელშესაწყობად და უკუკავშირის მისაღებად. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებულია ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ რელევანტურ თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.
მორიგი კვლევითი ნაშრომი სათაურით "საბაზო ინფლაციის ალტერნატივა: ორ-კომპონენტიანი სამომხმარებლო ფასების ინდექსის დანერგვა პროგნოზირების და ანალიზის სისტემის (FPAS) მქონე ცენტრალურ ბანკებში", მომზადდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და სებ-ის მრჩეველის დაგლას ლაქსტონის მიერ. ნაშრომის მთავარ მიზანს წარმოადგენს სამომხმარებლო ფასების ინდექსის დეკომპოზიციის ახალი მიდგომის შემუშავება, რომელიც დაფუძნებულია საბაზო ინფლაციის კრიტიკაზე მის მიღმა მყარი ეკონომიკური შინაარსის არარსებობის გამო (კერძოდ, იგი, უბრალოდ, გამორიცხავს ისეთ მერყევ პროდუქტებს, როგორიცაა სურსათი და ნავთობპროდუქტები, ეკონომიკური შინაარსის გაანალიზების გარეშე). ჩვენ მიერ შემოთავაზებული მიდგომა ფასებს ჰყოფს ორ ჯგუფად: "მოქნილ" და "არავაჭრობად ხისტ" ფასებად. მოქნილი ფასები საგარეო ფაქტორების მნიშვნელოვან გავლენას განიცდის და, შესაბამისად, სწრაფად ცვალებადია, რაც წინმსწრები ინდიკატორია. მეორე მხრივ, არავაჭრობადი ხისტი ფასები შედარებით ნელა იცვლება და უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის ინფლაციური მოლოდინების შესახებ. ნაშრომში ასევე განხილულია გაცვლითი კურსისა და დოლარიზაციის როლი აღნიშნულ ანალიზში. ინტერაქტიული დიაგრამები არავაჭრობადი ხისტი ფასებისა და მოქნილი ფასების ინფლაციების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, რომელიც ყოველთვიურად განახლდება. კვლევითი ნაშრომების ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826