ეროვნული ბანკი არის აპოლიტიკური უწყება, რომელმაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს მიუხედავად პოლიტიკური კონიექტურისა - ნათია თურნავა
ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელსაც მიზანშეწონილად არ მიჩნია ოთარ ფარცხალაძესთვის მოქალაქეობის შეწყვეტა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური შაბათი მაკა ცინცაძესთან ერთად“ ისაუბრა.
თურნავას განცხადებით, ოთარ ფარცხალაძეს ირგვლივ განვითარებული მოვლენები პოლიტიკის სფეროს მიეკუთვნება და თავს იკავებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების შეფასებისგან.
„მე წარმოვადგენ ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკი არის აპოლიტიკური უწყება, რომელმაც თავისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს მიუხედავად პოლიტიკური კონიექტურისა. აქედან გამომდინარე, ჩემი მანდატის გათვალისწინებით თავს ნამდვილად ვერ მივცემ უფლებას, რომ გავაკრიტიკო პრეზიდენტი, არა იმიტომ რომ ჩემი შეხედულება არ მაქვს ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, არამედ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს.
არც თუ ისე თანმიმდევრული მოვლენები, რაც ფარცხალაძესთან დაკავშირებით განვითარდა ეს უკვე პოლიტიკის სფეროს მიეკუთვნება. ქვეყნის პრეზიდენტი არის პოლიტიკოსი, მოქმედებს თავისი პოლიტიკური მოსაზრებებით და მე არ მაქვს უფლება, შევიდე პოლიტიკური გადაწყვეტილებების და მოტივაციების გარჩევაში. ისევ და ისევ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ჩვენი ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის მიმართაც, რა თქმა უნდა, ასეთივე პატივისცემას ვითხოვთ“-განაცხადა ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826