ეროვნული ბანკის დელეგაციამ ჩინეთის „უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციასთან“ შეხვედრა გამართა
საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციას (Chinese People's Association for Friendship with Foreign Countries) ეწვია და ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს ძიან ძიანს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრობის გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე ისაუბრეს, ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობები.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ისტორიული კავშირი და მზარდი ეკონომიკური ურთიერთობები, რასაც ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამყარებს.
ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული ეკონომიკური კავშირების ფონზე ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის ისტორიულად ძალიან კარგი ურთიერთობები არსებობს. მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე, რაც ვაჭრობაში, ინვესტიციებში, ტურიზმში და ადამიანებს შორის ურთიერთობაში გამოიხატება, ჩვენი ფინანსური სექტორების ურთიერთობაც უნდა შეესატყვისებოდეს ამ მზარდ დონეს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
თავის მხრივ, ჩინეთის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ძიან ძიანმა საქართველოს ეროვნულ ბანკთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრას ესწრებოდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე. მისი თქმით, საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელ დერეფანს წარმოადგენს, რაც ქვეყანას სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს და მის მიმართ ინტერესს ზრდის.
„საქართველოს ხვედრი როგორც სერიოზული მოთამაშისა, არამხოლოდ რეგიონში, უკვე მაღალ დონეზეა. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის შემდეგ სულ სხვა ეტაპზე გადადის. ვფიქრობ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამ შესაძლებლობას სათანადოდ გამოიყენებს ორმხრივი ინტერესების მისაღწევად. ეს პირველ რიგში ქართველი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებასა და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს,“ - განაცხადა პაატა კალანდაძემ.
70 წლიანი ისტორიის მქონე ჩინეთის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაცია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული სახალხო ორგანიზაციაა, რომელიც ხალხთა შორის დიპლომატიის საკითხებზე მუშაობს, ასევე ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს ჩინეთსა და დაძმობილებულ ქალაქებს შორის ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებას.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826