ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა
ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა.
ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
ნათია თურნავას განცხადებით სებ-ის საბჭოს 5-მა წევრმა დაუჭირა მხარი და 2 წინააღმდეგი წავიდა.
„დღეს ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით, საბჭომ მხარი დამიჭირა და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.
ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, მიუხედავად იმისა, დამიჭირა თუ არა რომელიმე მათგანმა მხარი, თუ თავი შეიკავა. 7 წევრიდან 5-მა მხარი დამიჭირა და 2-მა თავი შეიკავა.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება, გვაერთიენბს საერთო მიზანი - ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურს სტაბილურობას. ჩვენი გუნდი, ამ მიმართულებით კვლავინდებურად გააგრძელებს მუშაობას ეროვნულ ბანკში“, - განაცხადა თურნავამ.
ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება 2 მარტს ამოეწურა და დღემდე მის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ასრულებდა.
საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 2 ვაკანტური თანამდებობაა, რომლებზე ასარჩევადაც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა
უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა მანამდე ვეტო დაადო, შემდეგ კი პარლამენტმა დაძლია, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება.
ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
კანონპროექტი პარლამენტმა თებერვალში მიიღო და პარლამენტს თებერვალშივე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები წარედგინა, სადაც პრეზიდენტი აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში დამატებითი თანამდებობის შემოღების საჭიროებას ვერ ხედავს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826