ეროვნული ბანკის ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციური მოლოდინების სათანადო დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს - S&P Global Ratings
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე უცვლელად დატოვა, ხოლო პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას.
S&P განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე და აღნიშნავს, რომ სწორედ საერთაშორისო რეზერვების განგრძობადი ზრდა წარმოადგენს პერსპექტივის გაუმჯობესების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს. სააგენტოს შეფასებით, რეზერვების ზრდამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის საგარეო ლიკვიდობის ბუფერები და შეამცირა გარე შოკებისადმი მოწყვლადობა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეზერვების დაგროვებას ხელი შეუწყო ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებამ. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც ათწლეულის წინ მშპ-ის 10%-ს აღემატებოდა, 2025 წელს ისტორიულ მინიმუმამდე, 2.6%-მდე, შემცირდა. ამასთან, გაგრძელდა ფინანსური დოლარიზაციის შემცირების ტენდენცია. ამ ფაქტორებმა კი ეროვნულ ბანკს უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვების გაგრძელების შესაძლებლობა მისცა. შედეგად, 2026 წლის იანვარ-ივნისში წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 2.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
S&P ასევე დადებითად აფასებს საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოებს და აღნიშნავს, რომ ისინი რეგიონულ კონტექსტში შედარებით გონივრულია, რაც ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას აძლიერებს. სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციური მოლოდინების სათანადო დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს. მათი განახლებული პროგნოზით, 2026 წელს საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია 5.1%, ხოლო ეკონომიკური ზრდა 6.4% იქნება.
სარეიტინგო სააგენტო ასევე ხაზს უსვამს საქართველოს საფინანსო სექტორის მდგრადობას. მათი შეფასებით, საბანკო სისტემა რჩება კარგად კაპიტალიზებული, მაღალლიკვიდური და მომგებიანი. ამასთან, ეროვნული ბანკის ეფექტიანი მაკროპრუდენციული და საზედამხედველო პოლიტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებაში, საბანკო სექტორის მდგრადობის გაძლიერებასა და ფინანსური დოლარიზაციის შემდგომ შემცირებაში.
სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს საბანკო რეგულირების ჩარჩო ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
სხვა სიახლეები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტშიც - თამარ იოსელიანი
15.09.2026.23:39
„მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი".
მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები. თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.
„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა - პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი - როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი დაახლოებით ოქტომბრის თვეში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.