ეროვნული ვალუტა, როგორც ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი ამიერიდან დატანილია საფოსტო მარკაზეც - გურამ გურამიშვილი
საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის მიმოქცევაში გაშვებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებულმა მარკების კომისიამ, ეროვნული ბანკის ინიციატივით, საიუბილეო მარკა გამოუშვა, რომელიც საქართველოს ფოსტამ დაამზადა. საიუბილეო მარკაზე ლარის ბანკნოტების ნიშნებია დატანილი და ეროვნული ვალუტის 30-წლიანი განვითარებას ასახავს.
„საფოსტო მარკას არ აქვს მხოლოდ ფილატელისტური დატვირთვა. საფოსტო მარკებზე აისახება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები და მიღწევები. ვფიქრობ, ლარის მიმოქცევაში გაშვება, როგორც ეროვნული ვალუტის, მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში. ეროვნული ვალუტა, როგორც ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი დღეიდან დატანილია საფოსტო მარკაზეც და მას მთელი მსოფლიო ნახავს და შეაფასებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა საფოსტო მარკის „ქართული ფული - ეროვნული ვალუტა - 30 წელი" პრეზენტაციაზე. ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა, სადაც 1920-21 წლებში ქვეყნის პირველი ცენტრალური ბანკი - საქართველოს სახელმწიფო ბანკი ფუნქციონირებდა.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს ეროვნულ ბანკს, იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.
ქართული მარკა, მიმოქცევაშია 2025 წლის სექტემბრის თვიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 30.000 ერთეული.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826