ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო ფინტექ ფორუმებზე ინოვაციების ხელშემწყობი საუკეთესო ცენტრალური ბანკის აღიარება მოიპოვა
საქართველოს ეროვნული ბანკმა ერთდროულად ორ საერთაშორისო ფინტექ ფორუმზე რეგიონში ინოვაციების ხელშემწყობი საუკეთესო ცენტრალური ბანკის აღიარება მოიპოვა.
ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ორ რეგიონალურ ფორუმზე „SPRING“-სა და „PLUS-Forum Digital Uzbekistan“-ზე მიღებული ჯილდოები ხაზს უსვამს საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივების აღიარებას, რომელიც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ საქართველომ შუა დერეფანში არა მხოლოდ ლოჯისტიკური, არამედ ფინანსური და ტექნოლოგიური ჰაბის ფუნქციაც შეასრულოს.
ორივე ღონისძიება რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც თავს იყრიან ცენტრალური ბანკების, ფინანსური სექტორის, ფინტექ კომპანიების, ტექნოლოგიური ბიზნესებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმების მთავარი თემები იყო ფინანსური ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია, ღია ბანკინგი, ციფრული გადახდები, კიბერუსაფრთხოება, CBDC, ხელოვნური ინტელექტი და რეგიონული თანამშრომლობა.
PLUS-Forum Digital Uzbekistan ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ფინტექ და ციფრული ეკონომიკის ღონისძიებად მიიჩნევა. ფორუმი აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ბანკებს, საერთაშორისო გადახდის სისტემებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს, ხოლო მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია რეგიონში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახალი ინოვაციური პროექტების ხელშეწყობა.
SPRING კი სამხრეთ კავკასიაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც ფოკუსირებულია ფინანსურ ტექნოლოგიებზე, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებასა და რეგიონულ დაკავშირებადობაზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ ორივე ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიებსა და სამუშაო შეხვედრებში, სადაც განიხილეს რეგიონული ფინანსური ინტეგრაციის, ღია ბანკინგის, ციფრული გადახდებისა და ინოვაციების განვითარების საკითხები.
„ბოლო წლებია საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობს ხელს ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების განვითარებას, ინოვაციური ფინანსური სერვისების დანერგვას, ფინტექ ეკოსისტემის გაძლიერებასა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს. აღნიშნული ჯილდოები ხაზს უსვამს საქართველოს ეროვნული ბანკის ძალისხმევას ინოვაციების მხარდაჭერის, თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარების და ქვეყნის რეგიონალური პოზიციონირების მიმართულებით. საქართველოს ეროვნული ბანკისთვის აღნიშნული აღიარება ადასტურებს ქვეყნის მზარდ როლს რეგიონული ფინანსური და ტექნოლოგიური ჰაბის ფორმირებაში. საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, სულ უფრო აქტიურად პოზიციონირდება ევროპასა და აზიას შორის ფინანსური, სავაჭრო და ციფრული კავშირების გამაძლიერებელ ქვეყნად“, - განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.
სხვა სიახლეები
შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო სატრანზიტო დერეფანი, ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს | მარიამ ქვრივიშვილი
08.11.2026.11:39
„შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო სატრანზიტო დერეფანი“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან ერთად დაესწრო.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი შუა დერეფნის კონტექსტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკვანძო როლზეც გააკეთა.
„ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც შავ ზღვაზე შუა დერეფნის კარიბჭე გახდება და ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობაში მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს შეასრულებს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან პროგრესს საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო კავშირების მიმართულებითაც.
„ივლისში ურუმჩი-თბილისის რეისს დაემატა შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისი. მოხარული ვარ, რომ ჩემი ბოლო ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანია China Eastern-თან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 2027 წლიდან ფრენების აღნიშნული, კვირაში 3 სიხშირე გაიზრდება კვირაში 5 სიხშირემდე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ხალხთაშორის კავშირების, ტურიზმის, ბიზნეს კავშირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, მხარეები ასევე აქტიურად მუშაობენ პეკინიდან, გუანგჭოუდან და ჩენგტუდან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების შესაძლებლობებზე.