ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესი დაამტკიცა
"ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის" დამტკიცების მთავარ მიზანს საქართველოში მოქმედი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML / CFT) მიზნით რეგულირება წარმოადგენს.
წესი ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების სარეგისტრაციო მოთხოვნებს, ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი / არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის შესაფერისობის კრიტერიუმებს, სათავო ოფისის, ფილიალების, თვითმომსახურების კიოსკის, ელექტრონული სისტემის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით (AML / CFT) მოთხოვნებს, ასევე რეგისტრაციის შემდგომ ვალდებულებებს, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების და სახელმძღვანელოს შესაბამისად.
"ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი” 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
აღნიშნული წესი (დანართებით) ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826