ენერგეტიკის სექტორისათვის ₾1 მილიარდის ჯარიმების ჩამოწერა არის ახალი ფურცელი დარგში და ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი - გიორგი მირცხულავა
ეს არის ახალი ფურცელი ენერგეტიკაში და ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი, - ასე აფასებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანია „ბემონის“ მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავა ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების ჩამოწერას.
როგორც მირცხულავა განმარტავს, ეს არის ერთგვარი ბიძგი სექტორისთვის, რათა წინ წავიდეს და სხვადასხვა პროექტები განახორციელოს.
„ალბათ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია სექტორისთვის, რადგანაც ეს არის რეალური ბიძგი, რაც სექტორს საშუალებას მისცემს, რომ წინ წავიდეს. იმიტომ, რომ ქართული ეკონომიკა დღესაც დგას და მომავალშიც იდგება ენერგეტიკაზე და იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ თვითკმარი და ექსპორტზე დავიწყოთ მუშაობა და თავიც დავაკმაყოფილოთ - რეალური საექსპორტო პროდუქტი შევქმნათ უნდა განვავითაროთ ენერგეტიკა. შესაბამისად ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და ამაზე დიდი ხანი მიდიოდა მუშაობა - ჩართული იყო სახელმწიფო კომპანიები, ჩართული იყო მთელი ენერგეტიკული სექტორი და მიდიოდა მიდიოდა მსჯელობა საკმაოდ დიდი ხანი. მადლობის მეტი სექტორს არ ეთქმის.
ეს დავალიანება დაგროვდა წლების განმავლობაში, რომელიც უკავშირდება ხშირ შემთხვევაში სექტორში დეველოპერებს, რომლებიც რაღაცა ეტაპებზე ვერ ახერხებდნენ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას მემორანდუმის კუთხით. ეს ეხება თანხების მოძიებას, პროექტების დაწყებას და ასე შემდეგ. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში წინაღობებიც იყო სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოების მხრიდან წინა წლებში, არ იყო ერთობლიობა. შეიძლება ერთი სახელმწიფო ორგანიზაცია აძლევდა რაღაცის დაწყების ნებართვას, ამ დროს მეორე იგვიანებდა და ხელშეკრულებით დეველოპერზე უკვე ჯარიმა იყო. ეს არის ახალი ფურცელი ენერგეტიკაში და ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი. ახლა უკვე ბურთი უკვე დეველოპერების მხარესაა და რეალური, პოტენციური ინვესტორები ისინი არიან ვინც მზად არიან, რომ მშენებლობა დაიწყონ და გარკვეულ ვადებში მიიყვანონ თავიანთი პროექტი. ახლა ამის შესაძლებლობა აქვთ ამ ჯარიმების გარეშე და ეს გამოიწვევს ერთგვარ ბიძგს“, - აცხადებს გიორგი მირცხულავა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია.
ირაკლი კობახიძის თქმით, დავალიანებები, ჯარიმებისა თუ საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდა, ენერგეტიკის სისტემის განვითარებას ერთ-ერთ დაბრკოლებას უქმნის.
მისივე განმარტებით, დავალიანებების პატიება უნდა გახდეს ახალი, ორმხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, თუმცა, ამასთანავე, პასუხისმგებლობით გაჯერებული პროცესის დასაწყისი.
„ეს ნიშნავს ახალ შეთანხმებებს, ახალ გრაფიკს და ახალ გონივრულ ურთიერთვალდებულებებს სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის. ჩვენ მკაცრად მივუდგებით ახალ შეუსრულებელ ვალდებულებებს ან ახალ დავალიანებებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.
ჩვენი ახალი მიდგომით, ვიწყებთ ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის დანერგვას, რომელიც მისაღები იქნება ენერგეტიკის სფეროში ჩართული კომპანიებისათვის და რომლიდანაც მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ქვეყანა. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
მადლობას ვუხდი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და სამინისტროს გუნდს ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მომზადებისთვის. ენერგეტიკულ კომპანიებს მინდა ვუსურვო წარმატებები განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების პროცესში", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
28.07.2026.11:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და უკვე განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.
კერძოდ, მინისტრები გაეცნენ ახალი 3.6-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობას, რომელიც დასკვნით ეტაპზეა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს იქნება ისტორიული პროექტი საქართველოს ავიაციისა და ზოგადად ტრანსპორტის სექტორისთვის.
„ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე იქნება 3.6 კილომეტრი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს იქნება ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ზომის სატვირთო თუ სამგზავრო ხომალდს ვუმასპინძლოთ. ეს საგრძნობლად გაზრდის აეროპორტის გამტარუნარიანობას, შევძლებთ, რომ მივიღოთ მეტი რეისი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს, მათ შორის, სატვირთო გადაზიდვების განვითარებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დაახლოებით მომდევნო 3 თვის განმავლობაში ჩვენ სრულად დავასრულებთ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც წინ უძღვის სრულ ექსპლუატაციაში მიღებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ვასრულებთ შუქტექნიკისა და სხვა სანავიგაციო სისტემების მოწყობას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.
„რამდენადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულ თანხვედრაშია გეგმა-გრაფიკთან, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომას უკვე შევძლებთ გავხსნათ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და სამიმოსვლო ბილიკები და სრულ ექსპლუატაციაში მივიღოთ იმისთვის, რომ პირველი ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ ინფრასტრუქტურაზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე მივიღოთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მინისტრებმა დაათვალიერეს აეროპორტის სივრცეში განხორციელებული პროექტები, მათ შორის, მგზავრთა კომფორტისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გაკეთებული ორი ახალი პრემიუმ სერვისის ბიზნეს ლაუნჯი და Fast Track - ი.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, არსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულ თანხვედრაშია იმ დიდ განვითარების გეგმასთან, რომელიც მთავრობას ზოგადად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით აქვს.
მსგავსი მასშტაბის საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება - მისი ჯამური ღირებულება 240 მლნ ლარს შეადგენს. ახალი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, აეროპორტი შეძლებს მსოფლიოში ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებასა და მომსახურებას. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის აეროპორტის შესაძლებლობებს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული საავიაციო და ლოგისტიკური ჰაბის პოზიციას. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, პროექტს უდიდესი ღირებულება ექნება ქვეყნის ტურიზმისა და საავიაციო სექტორის განვითარებისთვის.
ქუთაისის აეროპორტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ მინისტრებს ინფორმაცია, მინისტრის მოადფილე თამარ იოსელიანმა და "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა მიაწოდეს.