ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის პორტის უპირობო წარმატებას. ეს მოდელი უზრუნველყოფს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გახდება საერთაშორისო ინტერესების ცენტრი - მარიამ ქვრივიშვილი ე.წ. „ლენდლორდის" მოდელზე
„ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის პორტის უპირობო წარმატებას და ეს მოდელი უზრუნველყოფს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გახდება საერთაშორისო ინტერესების ცენტრი" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ე.წ. „ლენდლორდის" მოდელით აშენებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უნდა უზრუნველყოს გაზრდილი ტვირთნაკადების გატარება, მიღება, დამუშავება და შემდგომში უკვე, რა თქმა უნდა, გლობალურ ლოგისტიკაში ჩართულობა.
"ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში. მინდა გამოვყო, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, ეს არის ქვეყნები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელშესახებად ზრდიან ტვირთებს და უზრუნველყოფენ ტვირთნაკადების მობილობას შუა დერეფანში და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მათი ინტერესები იყოს წარმოდგენილი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, რადგან ამ ქვეყნებიდან გენერირდება ტვირთები, რომელიც შემოედინება ჩვენ ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ განვაგრძოთ კოორდინირებული მუშაობა. იცით, რომ საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე უზრუნველყოფს ჩვენი სატრანსპორტო სექტორის ძალიან სიღრმისეულ განვითარებას. 7 მილიარდი დოლარის ინვესტირება მოხდება დამატებით სატრანსპორტო სექტორში, რის ფარგლებშიც მოხდება, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ისევე როგორც დასრულდება მაგისტრალური გზების მშენებლობა, საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და ამავდროულად მოხდება ისტორიული პროექტის - საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია"- განაცხადა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად სრულ კოორდინაციაში ვითარდება.
„დღეს დაახლოებით 15 მილიონი ტონა ტვირთი მოძრაობს შუა დერეფანში და ეს არის დაახლოებით ის გამტარობა, რომელიც დერეფანს გააჩნია. ერთიანი ძალისხმევით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ფაქტობრივად მივაღწიეთ იმ შეთანხმებას, რომ თითოეული ქვეყანა თავის ნაწილში განახორციელებს პროექტების განვითარებას, ინფრასტრუქტურის ზრდას და მშენებლობას იმისთვის, რომ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში აღნიშნული დერეფნის ფარგლებში 15 მილიონი ტონა დაახლოებით 25 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის და ზოგადად, ყველა ქვეყნისთვის, რომელიც დღეს უკვე ჩართულია შუა დერეფანში",- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
06.07.2026.17:18
Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 117.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.10% წინა კვირასთან შედარებით და +9.92% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 375 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 108.50 - 117.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 89 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.08 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.13% წინა კვირასთან შედარებით და +5.69% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 445 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.80 - 46.92 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 66 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 45.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +16.09% წინა კვირასთან შედარებით და +12.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 245 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.25 - 45.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 45 ათასი აქცია შეადგინა.