ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიულ არჩევანს - სამოქალაქო ავიაციის განვითარება განხორციელდეს ძლიერი ინსტიტუციური ჩარჩოს, მკაფიო პასუხისმგებლობებისა და სანდო საერთაშორისო პარტნიორობის საფუძველზე l მარიამ ქვრივიშვილი
„ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიულ არჩევანს - სამოქალაქო ავიაციის განვითარება განხორციელდეს ძლიერი ინსტიტუციური ჩარჩოს, მკაფიო პასუხისმგებლობებისა და სანდო საერთაშორისო პარტნიორობის საფუძველზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და Groupe ADP-ის წევრ კომპანია „ტავ ჯორჯიას“-ს შორის შეთანხმების გაფორმების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობით გაიმართა, მასში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, Groupe ADP-ის თავმჯდომარე და გენერალურმა დირექტორმა ფილიპე პასკალმა, TAV Airports-ის პრეზიდენტმა სერქან კაპტანმა და სხვა - სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოსა და Groupe ADP-ის შორის ახალი შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომ განვითარებას. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან „ტავ ჯორჯია“-ს მიერ გაფორმებული ხელშეკრულება, აეროპორტების გაერთიანებასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც 2027 წელს უნდა დასრულებულიყო, განახლებული პირობებითა და მიდგომით 2031 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა სამოქალაქო ავიაციის სექტორის შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ამ პროცესში საქართველოს ფრანგულ სახელმწიფო კომპანია Groupe ADP-თან განახლებული პირობებით თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ისე მთლიანად სექტორის განვითარებისთვის.
„საქართველოს ავიასექტორის განვითარება არის დინამიური, მდგრადი და შეუქცევადად მზარდი. სწორედ ეს გარემობაა ერთ-ერთი წინაპირობა, რის გამოც მივიღეთ ვაზიანის ახალი, თანამედროვე აეროპორტის აშენების გადაწყვეტილება. იქამდე კი, ვიდრე ახალი აეროპორტი 2031 წლიდან ოპერირებას დაიწყებს, ჩვენ განვაგრძობთ ფრანგულ სახელმწიფო კომპანიასთან თანამშრომლობით და მათთან მიღწეული გაუმჯობესებული პირობებით ავიაციის სექტორის განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826