ესკომ თურქეთთან გააფორმა ბარტერის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც მაისი-ივლისის განმავლობაში განახორციელებს თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტს, ხოლო სექტემბერ-ნოემბერში იმპორტს l Galt & Taggart
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - მაისი 2026”-ს აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია სექტორის ძირითადი ტენდენციები, გამოწვევები და შესალებლობები.
,,2026 წლის მაისში, ადგილობრივი მოხმარება წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტი 73.1%-ით შემცირდა 0.05 ტვტ.სთ-მდე. შედეგად, ჯამურმა მოთხოვნამ 8.6%-ით იკლო 1.2 ტვტ.სთ-მდე.
მაისი ისტორიულად საექსპორტო თვეა, რაც ჰიდროსადგურების სეზონურობითაა გამოწვეული. 2026 წლის მაისში, მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად, ელექტროსისტემამ შეზღუდა ელექტროსადგურების მუშაობა, რის გამოც ადგილობრივმა გენერაციამ წლიურად 9.5%-ით იკლო.
ექსპორტის მკვეთრი კლება თურქეთის ბაზარზე ფასების ისტორიულ მინიმუმამდე - საშუალოდ 1.8 აშშ ცენტ/კვტ.სთ-მდე - შემცირებამ განაპირობა, რაც ხელსაყრელ ჰიდროლოგიურ პირობებსა და მზის გენერაციის ზრდას უკავშირდება. თურქეთში მზის სიმძლავრეების ზრდამ შესაძლოა ზაფხულის ფასებზე ზეწოლა მომავალშიც შეინარჩუნოს, თუმცა ეფექტი ბაზრისა და ჰიდროლოგიურ პირობებზეც იქნება დამოკიდებული.
2026 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 6.1%-ით გაიზარდა და 6.2 ტვტ.სთ შეადგინა. იმპორტისა და თბოგენერაციის წილი ჯამურ მიწოდებაში 36.3% შეადგენდა (vs 31.1% 2025 წლის 5 თვეში). გაზრდილი იმპორტ-დამოკიდებულება იანვარ-აპრილში და შემცირებული ექსპორტი მაისში საქართველოს სეზონურ გამოწვევებს უსვამს ხაზს.
მთლიანობაში, 2026 წლის მონაცემები მიუთითებს ისეთი გენერაციის ობიექტების განვითარების საჭიროებაზე, რომლებიც პასუხობენ საქართველოს სეზონურ გამოწვევებს, მაგალითად რეზერვუარიანი ჰიდროსადგურებისა და ქარის სადგურების. ამასთან, მონაცემები ხაზს უსვამს ენერგიის დამაგროვებლებისა და საექსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას”, - წერს Galt & Taggart-ი.
Galt & Taggart-ის ანგარიშის თანახმად, ესკომ თურქეთთან გააფორმა ბარტერის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც მაისი-ივლისის განმავლობაში განახორციელებს თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტს, ხოლო სექტემბერ-ნოემბერში იმპორტს. ეს
გარიგება გაზრდის ექსპორტის რაოდენობას და ჯამურ მოთხოვნას, შესაბამისად, შეამცირებს გენერაციის შეზღუდვებს ივნის-ივლისის პერიოდში.
,,ბარტერის ფარგლებში განსახორციელებელი ექსპორტის მოცულობას ესკო შეისყიდის კვტ.სთ-ზე 4.021 თეთრად იმ ელექტროსადგურებისგან, რომელთაც წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევდათ გენერაციის შეზღუდვა (სსე-ს განკარგულების შედეგად). ბარტერული შეთანხმების ზუსტი კომერციული პირობები, მათ შორის ექსპორტისა და სანაცვლო იმპორტის პროპორცია, საჯაროდ ცნობილი არ არის”, - წერს Galt & Taggart-ი.
სხვა სიახლეები
საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა
24.06.2026.11:00
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ფეროშენადნობების ექსპორტის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. 2026 წლის იანვარ-მაისში ქვეყნიდან 130 880.4 ათასი დოლარის ღირებულების 112 909.8 ტონა ფეროშენადნობი გავიდა ექსპორტზე. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის ხუთ თვეში ქვეყნიდან 76.98%-ით მეტი ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, მოცულობის კუთხით კი ზრდამ 63.56% შეადგინა.
შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ფეროშენადნობების ექსპორტმა 69 031.4 ტონა შეადგინა, რაც ღირებულებით ნაწილში 73 953.2 ათასი დოლარი იყო.
2026 წლის იანვარ-მაისში ქართული ფეროშენადნობების მთავარი მომხმარებელი ამერიკის შეერთებული შტატები გახდა, სადაც 20 752.4 ტონა პროდუქცია გაიყიდა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ფეროშენადნობების ექსპორტს ახორციელებს: