ეტაპობრივად უნდა მოვახდინოთ უპატრონო ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია იმის გამო, რომ შევამციროთ ჰიპერპოპულაცია - ლაშა ავალიანი
საქართველოში შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა განაცხადა, შესაბამისი რეგულაციები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება და მიზნად ისახავს როგორც პატრონიანი, ისე უპატრონო ცხოველების აღრიცხვას.
„გასულ წელს, ივლისის თვეში მიღებულ იქნა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც არეგულირებს შინაურ ბინადარ ცხოველთა საკითხებს ქვეყნის დონეზე. ნამდვილად დაგეთანხმებით იმაში, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის დაინტერესებული შინაურ ბინადარ ცხოველთა ბედით. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოება ორ ნაწილად არის გაყოფილი: გარკვეული ნაწილისთვის ეს საშიშროებას წარმოადგენს, მათ ეშინიათ ამ ცხოველების. გარკვეული ნაწილისთვის, პირიქით, ეს არის სიყვარულის და მათი მოვლა-შენახვის შინაგანი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ეს კანონი სწორედ ორივე მათგანს არეგულირებს. საზოგადოების ორივე ნაწილი ერთმანეთს ვერ ეთანხმება ბუნებრივია, თუმცა თანხმდებიან ერთ ყველაზე მთავარ საკითხზე, რომ ქუჩაში ძაღლები და კატები არ უნდა იყოს. ამაზე ყველა ვთანხმდებით, რომ არ უნდა იყოს, თუმცა დღევანდელი სამწუხარო არსებული მდგომარეობიდან სასურველ და საოცნებო მდგომარეობამდე ბევრი გზა არის გასავლელი. სწორედ ამ გზების გავლის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი, აქტივობები არის დაგეგმილი არა კანონის, არამედ უკვე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ანუ მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულების სახით, რომელზეც უნდა ვისაუბროთ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს არის შინაურ ბინადარ ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. ჩვენ აქამდე, 2012 წლიდან ეტაპობრივად განვახორციელეთ სხვადასხვა ცხოველების (ძირითადად ფერმის ცხოველებს ეხებოდა: ეს იყო მსხვილფეხა საქონელი, წვრილფეხა საქონელი, ღორი, ფუტკარი) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, გვაქვს ნორმატიული აქტი - 483-ე მთავრობის დადგენილება, სადაც შედის ცვლილებები და ამას ემატება შინაურ ბინადარ ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. მოკლედ რომ განვსაზღვროთ, რას მოიცავს ეს - ეს არის ქვეყნის მასშტაბით ადგენს წესებს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და აი ეს არის მაიდენტიფიცირებელი საშუალებები, ამ შემთხვევაში მიკროჩიპი, ან საყურე ნიშანი. მიკროჩიპი ამ შემთხვევაში პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში განიხილება, ხოლო სატდე უკვე უპატრონო და მიკედლებული ცხოველების შემთხვევაში“, - აღნიშნა ლაშა ავალიანმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოში უპატრონო ცხოველების რაოდენობის შემცირება ჰუმანური მეთოდებით იგეგმება. ლაშა ავალიანის განცხადებით, ამისთვის პატრონიან და უპატრონო ცხოველებზე სტერილიზაცია-კასტრაციის ღონისძიებები ეტაპობრივად განხორციელდება.
„ფოკუსი გვაქვს ჰიპერპოპულაციაზე, ანუ მომატებულ პოპულაციაზე და ჩვენ უნდა შევეცადოთ ყველამ - საზოგადოებამ, სახელმწიფომ, რომ ჰუმანური მეთოდებით ვმართოთ ჰიპერპოპულაცია. ამის მთელი რიგი საშუალებები არსებობს, რომელიც აპრობირებულია საერთაშორისო პრაქტიკით და ასევე ჩვენთანაც დაწყებულია არაერთი წელია. კონკრეტულ მაგალითებზე რომ ვისაუბროთ, საზოგადოება ბოლომდე შეიძლება ყველა ვერ აცნობიერებს იმას, რომ ქუჩაში არსებული უპატრონო ცხოველები - ეს მხოლოდ უპატრონო ცხოველების გამრავლების შედეგი არ არის. ეს არის მათ შორის პატრონიანი ცხოველების მიერ მათი მიტოვების, გამოგდების, ვერ შენახვის და ბევრი-ბევრი მიზეზების გამო. ან დაუგეგმავი მაკეობის და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, საკითხი არის კომპლექსური და ჩვენ ორივე მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ: ერთი პატრონიან ცხოველებში და ამ მიმართულებით სტერილიზაცია-კასტრაციის საყოველთაო მოთხოვნები უნდა შეიქმნას იმ გარკვეული გამონაკლისებით, რომელიც არის დაშვებული კანონის მიხედვით და ასევე უნდა ეტაპობრივად უნდა მოვახდინოთ უპატრონო ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია იმის გამო, რომ შევამციროთ ჰიპერპოპულაცია.
ჰიპერპოპულაციის შემცირება და პოპულაციის ეტაპობრივი და პირველი სამი წელი მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა იყოს და ესეც არის გათვალისწინებული, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ გარდამტეხი, ასე ვთქვათ, მომენტი შევქმნათ და წამოვიყვანოთ პოპულაცია შემცირებისკენ. რაღაცა პერიოდის შემდგომ უკვე უფრო ადვილი იქნება ამ ცხოველებისთვის პატრონების მოძებნა მასიურად და მივიდეთ იმ სანუკვარ შედეგამდე, რომელიც იქნება, რომ გარეთ, ქუჩაში უპატრონო ცხოველი არ იქნება“, - აღნიშნავს ლაშა ავალიანი.
სხვა სიახლეები
ინფლაციის მაჩვენებელს მომდევნო წელს კლებადი ტენდენცია ექნება და წლის ბოლოსთვის მის მიზნობრივ მაჩვენებელს, 3.0%-ს დაუბრუნდება - ფინანსთა სამინისტრო
30.09.2026.20:48
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, რომლის მიხედვით 2027-2030 წლების მაკროეკონომიკური პარამეტრები დაგეგმილია შედარებით კონსერვატიული პროგნოზების მიხედვით, აღნიშნული სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან და ითვალისწინებს:
რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის შეადგენს 5.0 პროცენტს, ხოლო მომდევნო წლებში 5.2-5.3 პროცენტის ფარგლებშია;
ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2027 წელს 8.9 პროცენტით იზრდება და 126.4 მილიარდ ლარს შეადგენს. შემდგომ წლებში ზრდის პროგნოზი საშუალოდ 8.5 პროცენტია და 2030 წლისთვის 161.0 მილიარდ ლარს აჭარბებს; ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2027 წლის ბოლოსთვის 12.0 ათას დოლარს, ხოლო 2030 წლისთვის 15.0 ათას დოლარს აჭარბებს;
ინფლაციის მაჩვენებელს მომდევნო წელს კლებადი ტენდენცია ექნება და წლის ბოლოსთვის მის მიზნობრივ მაჩვენებელს, 3.0 პროცენტს დაუბრუნდება. მომდევნო წლებშიც ინფლაციის პროგნოზი მისი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია; მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2027 წლისთვის 4.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში 4.3 პროცენტამდე მცირდება;
ბიუჯეტის დეფიციტი 2027 წლისთვის დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5 პროცენტის დონეზე, ხოლო შემდგომ წლებში მცირედით კლებადი ტენდენცია აქვს და 2.2 პროცენტამდე მცირდება;
მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2027 წლისთვის 31.6 პროცენტის დონეზეა და მომდევნო წლებში ინარჩუნებს მცირედით კლების ტენდენციას; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2027 წლისთვის დაგეგმილია 29.5 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო 2030 წლისთვის 41.0 მილიარდ ლარს აჭარბებს; ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები შეადგენს 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 1 მილიარდ 526 მილიონი ლარით აღემატება.
ჯამური შემოსულობების 85 პროცენტზე მეტს შემოსავლები წარმოადგენს, რომლის მოცულობა 32 მილიარდ 90 მილიონ ლარს აჭარბებს და მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობასთან შედარებით 1 მილიარდ 754 მილიონი ლარით მეტია. საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 2027 წლისთვის განსაზღვრულია 29 მილიარდ 520 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 120 მილიონი ლარით, ხოლო თავდაპირველ გეგმიურ მაჩვენებელს 2 მილიარდ 480 მილიონი ლარით. მომდევნო წლის განმავლობაში პროგნოზირებულია ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნება ჯამში 3 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი მოცულობით. 2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაგეგმილია 37 მილიარდ 562 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას 1 მილიარდ 928 მილიონი ლარით აღემატება.
2027 წლის ჯამური გადასახდელებიდან 25 მილიარდ 424 მილიონი ლარი მიიმართება მიმდინარე ხარჯების (საპროცენტო ხარჯების გარდა) დაფინანსებაზე, რაც 2026 წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 34 მილიონი ლარით აღემატება.
მიმდინარე ხარჯები ძირითადად გაზრდილია შემდეგი მიმართულებებით: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 555 მილიონი ლარით. კერძოდ, მოქმედი ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით (მაღალმთიან დასახლებებში 665 ლარს აჭარბებს), ხოლო 70 წლამდე ბენეფიციარებისთვის იზრდება 20 ლარით და 390 ლარს შეადგენს (მაღალმთიან დასახლებებში 468 ლარი);
ინდექსაციის შესაბამისად იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლები, რისთვისაც დამატებით გამოყოფილია 60 მილიონი ლარი;
ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 127 მილიონ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმი/ექთნის ხელფასების ზრდა; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 26 მილიონ ლარზე მეტით;
დაგროვებითი საპენსიო სქემის დაფინანსება გაზრდილია 60 მილიონი ლარით.
განათლების ხარჯები - გაზრდილია 400 მილიონი ლარით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლების, მათი ადმინისტრაციული პერსონალისა და საბავშვო ბაღების ხელფასების ზრდა. ასევე, გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დაფინანსება;
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კერძო სექტორში ბოლო 4 კვარტალში გაზრდილი ხელფასების შესაბამისად, 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო საჯარო სექტორში, რისი გათვალისწინებითაც შრომის ანაზღაურების ფონდი გაზრდილია 395 მილიონი ლარით; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 90 მილიონი ლარით; სპორტული ფედერაციების დაფინანსება გაზრდილია 50 მილიონი ლარით; სხვა დანარჩენი სახელმწიფო პროგრამების და მუნიციპალური სერვისების დაფინანსება გაზრდილია 269 მილიონი ლარით;
2027 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად მიიმართება 8 მილიარდ 431 მილიონ ლარზე მეტი, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებელს თითქმის 1 მილიარდი ლარით აღემატება.
აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 2 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტი;
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოყოფილია 1 მილიარდ 332 მილიონ ლარამდე, მათ შორის 723 მილიონი ლარია გათვალისწინებული ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის. განათლების მიმართულებით კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 800 მილიონი ლარი;
წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებზე მიიმართება 432 მილიონი ლარი;
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილია 404 მილიონი ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობების მშენებლობა და რეგიონებში გაზიფიცირების სამუშაოების განახლება;
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 310 მილიონი ლარი;
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამოყოფილია 172 მილიონი ლარი;
იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა განსახლების პროექტების დაფინანსებაზე გამოყოფილია 268 მილიონი ლარი;
ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულია 142.5 მილიონი ლარი;
სამელიორაციო სისტემების მოდერნიზების პროექტებზე გამოყოფილია 145 მილიონი ლარი;
მყარი ნარჩენების პროექტების განსახორციელებლად გათვალისწინებულია 106,4 მილიონი ლარი;
პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით დაგეგმილი კაპიტალური ხარჯები შეადგენს 701 მილიონ ლარს;
საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდის მიზნით მიიმართება 250 მილიონი ლარი;
თბილისის მეტროს მოდენრიზაციის პროექტის დაფინანსება შეადგენს 125 მილიონ ლარს;
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტისთვის გამოყოფილია 125 მილიონი ლარი;
სოფლების ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობაზე მიიმართება 107 მილიონი ლარი;
ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობის დასასრულებლად გათვალისწინებულია 60 მილიონი ლარი;
სხვა დანარჩენი კაპიტალური ხარჯები ჯამში შეადგენს 267 მილიონ ლარს;
2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა საბიუჯეტო პროცესის თანახმად, გაგრძელდება პარლამენტში, სადაც მოხდება გამოთქმული წინადადებებისა თუ მოსაზრებების ასახვა, ხოლო დეკემბერში საბოლოო ვერსიის მიღება.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.