ევროკავშირი ამზადებს გეგმას, რომელიც ელექტრიფიკაციის ტემპის გაორმაგებას და ნავთობისა და გაზის მოხმარების შემცირებას ითვალისწინებს
ევროკავშირი განიხილავს მიზანს, რომლის მიხედვითაც 2040 წლისთვის ელექტროენერგიის წილი ბლოკის მთლიანი ენერგომოხმარების 46%-ს უნდა შეადგენდეს, რაც დღევანდელ მაჩვენებელთან შედარებით ელექტრიფიკაციის ტემპის გაორმაგებას ნიშნავს.
დოკუმენტის პროექტი, რომლის გამოქვეყნებასაც ევროკომისია გეგმავს, მიმდინარე კონფლიქტის ეკონომიკურ შედეგებზე ევროკავშირის საპასუხო ზომების ნაწილია. კონფლიქტმა ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რის გამოც ბრიუსელი ამზადებს ახალ ინიციატივებს, რომლებიც ევროპის იმპორტირებულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.
დღეს ევროკავშირის საბოლოო ენერგომოხმარების მხოლოდ 23% მოდის ელექტროენერგიაზე და ეს მაჩვენებელი უკვე ათწლეულის განმავლობაში პრაქტიკულად უცვლელია. ეკონომიკის დანარჩენი ნაწილი კვლავ ძირითადად წიაღისეული საწვავით ფუნქციონირებს. ელექტროენერგიის წილის 46%-მდე გაზრდა მოითხოვს: ელექტრომობილების რაოდენობის მნიშვნელოვნად ზრდას, საცხოვრებელ სახლებში გაზის ქვაბების ფართომასშტაბიან ჩანაცვლებას, სამრეწველო პროცესების ელექტრიფიკაციას, ევროპის მოძველებული ელექტროგადამცემი ქსელების მასშტაბურ მოდერნიზაციას.
ამ მიზნების განხორციელებისთვის, წინასწარი შეფასებით, ასობით მილიარდი ევროს ინვესტიცია იქნება საჭირო.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826