ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს - პაველ ჰერჩინსკი
„ევროკავშირი მხარს უჭერს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელიც უზარმაზარი ინვესტიციაა და იმედია, მნიშვნელოვნად შეცვლის ელექტროენერგიის გამომუშავებას და ასევე ელექტროგადაცემას სამხრეთ კავკასიას და ევროკავშირს შორის," - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ოთხმხრივ შეხვედრაზე განაცხადა.
თბილისში გამართული შეხვედრა, რომელშიც საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მთვარობათა მაღალი რანგის პირები მონაწილეობდენ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორი ჯავიდ აბდულაევი და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ჯორჯ ნიკულესკო.
„შავი ზღვის კაბელი არის ძალიან დიდი პროექტი, რომელიც აკავშირებს, ერთი მხრივ, საქართველოსა და აზერბაიჯანს, მეორე მხრივ, რუმინეთსა და უნგრეთს. ევროკავშირი მხარს უჭერს ამ პროექტს და მონაწილეობს მასში, როგორც დამკვირვებელი. ჩვენ ვსაუბრობთ უზარმაზარ ინვესტიციაზე, რომელიც, იმედია, მნიშვნელოვნად შეცვლის ელექტროენერგიის გამომუშავებას და ასევე ელექტროგადაცემას სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ამ პროექტს და გვინდა, რომ ამ პროექტს ჰქონდეს რეგიონული მასშტაბი. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე წელიწადში სამხრეთ კავკასია გახდება ენერგიის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო ევროკავშირისთვის. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ უზარმაზარ პროექტზე, მაგრამ გვსურს, ეს რაც შეიძლება მალე განხორციელდეს", - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკა"-ს ხელშეწყობით განხორციელდება.
2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ.
შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა.
ამ ეტაპზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოზე და სოციალურ ზემოქმედების შეფასებისა და შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევები.
მათი მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კომიტეტი განიხილავს CESI-ს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელიც ასახავს მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826