ევროკავშირის მხარდაჭერით სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმი გაიმართება
ევროკავშირის მხარდაჭერით, სოციალურ საწარმოთა ალიანსი 8 ნოემბერს სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმს სასტუმრო სტამბაში გამართავს.
სოციალური მეწარმეობის ფორუმის მიზანია სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობა. ფორუმი სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი კავშირების დამყარებისა და გაძლიერების საშუალებას იძლევა.
ღონისძიება რამდენიმე საკითხსა და ფორმატს გააერთიანებს და მოსულ სტუმრებს საშუალებას მისცემს
იმსჯელონ სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებაზე.
ფორუმის ფინალური ნაწილი წლის სოციალური საწარმო 2023-ის გამოვლენას დაეთმობა. 7-წევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალისტი სოციალური საწარმოები ,,თავისუფალი სივრცე“, ,,ედენა“ და ,,იკორთა“ არიან. გამარჯვებული მიიღებს ,,წლის სოციალური საწარმოს“ სტატუსს და ფულად ჯილდოს საწარმოს განვითარებისთვის.
სოციალური მეწარმეობის ფორუმი ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,სოციალური მეწარმეობა მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში იმართება.
სოციალური მეწარმეობის ფორუმს და, ზოგადად, სოციალურ მეწარმეობას საქართველოში ევროკავშირი აქტიურად აძლიერებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სფეროს განვითარებაში.
სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან იმართება და ის ყოველწლიური ღონისძიებაა. 2017 წლიდან კი ფორუმზე წლის სოციალური საწარმო ვლინდება.
სოციალური მეწარმეობის ფორუმი იმართება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826