ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო
ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ო`სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.
„თავდაპირველად საქართველოს ყულევის პორტის ჩართვა სანქციების მე-20 პაკეტში იგეგმებოდა რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვებისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ შესვლის გამო. ეს პირველადი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს.
მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს გემებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან, შევიდნენ პორტებში, ან მიიღონ მომსახურება. ვალდებულება აგრეთვე აიღო SOCAR-მა იმის თაობაზე, რომ ის იმოქმედებს ევროკავშირის მკაცრი სანქციების შესაბამისად, ფასის ზედა ზღვრის დაცვითა და რუსულ ნედლ ნავთობზე და მისგან წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვის გათვალისწინებით“, - აღნიშნულია წერილში.
დევიდ ო`სალივანი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ასეთმა გარემოებებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიეს მათ ანალიზზე, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ ყულევის პორტი სანქციათა ახალი პაკეტიდან ამოიღეს.
წერილში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბრიუსელი ყურადღებით აკვირდება რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გადაადგილებას. მისი ყურადღების ცენტრშია აგრეთვე სავაჭრო შეზღუდვების კონტროლი.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მუდმივ ძალისხმევას ამ მიმართულებით და გთხოვთ, რომ მომავალშიც უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთში ასეთი მგრძნობიარე პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტისთვის არ გამოიყენებოდეს“, - დასძინა მან.
სხვა სიახლეები
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი და მაქსიმალურად ეფექტურად ვემსახუროთ შუა დერეფანს - თამარ იოსელიანი
10.06.2026.20:33
„ჩვენთვის ჩინეთი არის სტრატეგიული მიმართულება და წლიდან წლამდე ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მზარდია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში" სტუმრობისას, ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, უვიზო მიმოსვლის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის, პირველ რიგში, საჰაერო მიმოსვლა აღდგენილიყო, რომელიც კოვიდ პანდემიის შემდეგ იყო შეჩერებული.
„ჩინეთ-საქართველოს შორის იმდენად მზარდი მგზავრთნაკადია, რომ საქართველოს ბაზარზე 3 ჩინური ავიაკომპანია: China Eastern, China Southern და Air China - ოპერირებს. დღევანდელი მდგომარეობით, Air China და China Southern ასრულებენ რეისებს ურუმჩისა და პეკინის მიმართულებით. 2025 წელს Air China-მ ურუმჩის გავლით პეკინის მიმართულება დაამატა. ასევე China Southern ივლისიდან ურუმჩის გავლით ამატებს პეკინის მიმართულებას, რაც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ორი დედაქალაქი ერთმანეთს დაუკავშირდეს" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს, რომლის შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარზე China Eastern შემოვიდა და 15 ივლისიდან შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებაზე ფრენები კვირაში სამი სიხშირით შესრულდება.
თამარ იოსელიანის განმარტებით, ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ტურისტულ ბაზრად რჩება და ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობით პირველ ათეულში, მერვე პოზიციას იკავებს. მისივე თქმით, ვიზიტორთა მზარდი ნაკადისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ მაისში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB China ქართული პავილიონით მიიღო მონაწილეობა.
„2023 წლის შემდეგ მგზავრთნაკადის კუთხით დაახლოებით 200%-იანი მატება გვაქვს. 2026 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით კი მგზავრთნაკადი დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინური ბაზარი საქართველოთი ძალიან დაინტერესებულია და ჩვენც არ ვაკლებთ შესაბამის ძალისხმევას - მიმდინარეობს აქტიური მარკეტინგული კამპანიები და ჩინელ კოლეგებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს ცნობადობა ამაღლდეს და შესაბამისი მგზავრთნაკადი მივიღოთ" - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, დადებითი ტენდენციაა ჩინეთ-საქართველოს შორის სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც.
„ტვირთნაკადის მხრივ ზრდის კარგი ტენდენცია გვაქვს. უმნიშვნელოვანესია „შუა დერეფანი", სადაც ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ჩინეთიდან გადმოზიდული, ისე ჩინეთისკენ გაგზავნილი ტვირთების მოცულობის თვალსაზრისით. გასულ წელს ამ მიმართულებით დაახლოებით 19%-იანი ზრდა გვქონდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ როგორც საქართველოს რკინიგზასთან, ისე საქართველოს შესაბამის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ამ მიმართულებით ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი იმისათვის, რომ მოვემსახუროთ შუა დერეფანს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.