Shell-ის მოგება $9.8 მილიარდამდე გაიზარდა
Shell-ის წმინდა მოგება მეორე კვარტალში წლიურად ორჯერ მეტით გაიზარდა და 9.84 მილიარდ დოლარს მიაღწია, რითაც ბაზრის მოლოდინს გადააჭარბა. შედეგების გაუმჯობესებას ხელი შეუწყო ენერგომატარებლების ფასების ზრდამ და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის პერიოდში ბაზრებზე გაზრდილმა მერყეობამ.
ბრიტანული ენერგოკომპანიის ფინანსურ შედეგებს მხარი დაუჭირა ნავთობისა და ბუნებრივი აირის უფრო მაღალმა ფასებმა, თხევადი ბუნებრივი აირის და ნავთობით ვაჭრობიდან მიღებულმა ძლიერმა შემოსავლებმა, ასევე ქიმიური პროდუქტების მიმართულებით გაუმჯობესებულმა მარჟებმა.
აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომით გამოწვეულმა ბაზრის შეფერხებებმა და მაღალი მერყეობამ დამატებითი შესაძლებლობები შექმნა ისეთი მსხვილი ენერგოკომპანიების სავაჭრო ბიზნესებისთვის, როგორებიცაა Shell, BP და TotalEnergies.
სხვა სიახლეები
ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის - ინგა ფხალაძე
10.08.2026.20:50
„ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, 2026 წლის გაზაფხულზე, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
„ამ ხელშეკრულებების შესრულება ჩვენი ქვეყნის ენერგომომარაგების, ენერგოუსაფრთხოების და სატრანზიტო პოტენციალის რაციონალურ ათვისებას უზრუნველყოფს. ამ ენერგეტიკულ პაკეტში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ხელშეკრულების ფორმა გახლდათ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დატვირთვის და ოპერირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ეს პროექტი განამტკიცებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის და ენერგეტიკული ჰაბის პოზიციას" - განაცხადა ინგა ფხალაძემ.