ევროკომისიის პროგნოზით, 2026 წელს გლობალური ეკონომიკა 3.1%-ით გაიზრდება - ანგარიში
ევროკომისია განახებულ ანგარიშს - 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული.
ანგარიშის თანახმად, გლობალური ტენდენციები მიმდინარე კონფლიქტმა მნიშვნელოვნად შეცვლა.
,,რთული გეოპოლიტიკური გარემო და აშშ-ის ტარიფებთან დაკავშირებული გაურკვევლობა კვლავ ზეწოლას ახდენდა ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ინფლაციის შემცირება და AI ცვლილებებთან დაკავშირებული ძლიერი საინვესტიციო ციკლი ეკონომიკას მნიშვნელოვნად აძლიერებდა. ევროკავშირის ეკონომიკაც ანალოგიურად ძლიერდებოდა, ხოლო ინფლაციური ზეწოლა კიდევ უფრო სუსტდებოდა. კონფლიქტმა ეს სურათი მნიშვნელოვნად შეცვალა და გამოიწვია გლობალური ენერგომომარაგების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეფერხება უახლეს ისტორიაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, გლობალური ზრდა [ევროკავშირის გამოკლებით] 2026 წელს 3.1%-ით, ხოლო 2027 წელს 3.5%-ით არის პროგნოზირებული. რაც შეეხება ევროკავშირს, 2026 წელს პროგნოზირებულია 1.1%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2027 წელს 1.4%.
,,ცენტალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ინფლაცია, მოსალოდნელია, უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნდეს, რაც ასახავს როგორც რეგიონში სამომხმარებლო კალათაში ენერგომატარებლების უფრო მაღალ წილს, ისე ნომინალური ხელფასების უფრო დინამიკურ ზრდას. მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, მოსალოდნელია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) და ევროკავშირის სხვა ცენტრალური ბანკების უმეტესობა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებენ ან, მინიმუმ, ადრე მოსალოდნელ შემსუბუქების ზომებს გადადებენ“, - წერს ევროკომისია ანგარიშში.
ევროკავშირის ქვეყნების პროგნოზებთან ერთად, ანგარიში ასევე აერთიანებს კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ მიმოხილვას და პროგნოზებს. აღნიშნულ ნაწილში განხილულია საქართველოს ეკონომიკის 2025 წლის ძირითადი ტენდენციები და მოლოდინები შემდგომი წლებისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროკომისისს გაზაფხულის განახლების თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 5.5%-მდე გაუმჯობესდა (2025 წლის შემოდგომის ანგარიშის შემდეგ, სადაც 5.3%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო პროგნოზირებული).
,,2025 წელს ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი წლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური ზრდა, შენელდება, თუმცა 2026 და 2027 წლებში კვლავ ძლიერი დარჩება და 5-5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, სავარაუდოდ, შედარებით შეზღუდული იქნება და ძირითადად ენერგომატარებლების ფასების ზრდის გავლით აისახება. ზრდის მთავარი მამოძრავებელი სექტორები, მოსალოდნელია, რომ იქნება მომსახურების სფეროები - ICT, განათლება და ტურიზმი“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ევროკომისიის დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა ძალიან ძლიერი დარჩა და 7.5% შეადგინა, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს დაფიქსირებული 9.7%-იანი ზრდის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით შენელდა. მიწოდების მხარეს, ზრდას ძირითადად მომსახურების სექტორი, განსაკუთრებით ICT და განათლება, ასევე წარმოების სექტორი განაპირობებდა, მაშინ როცა სოფლის მეურნეობისა და სამთო მოპოვების სექტორების წვლილი უარყოფითი იყო. ხოლო, მომსახურებების სექტორში გაზრდილი პროფიციტისა და ფულადი გზავნილების ზრდის შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2025 წელს მშპ-ის 2.7%-მდე შემცირდა.
,,მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა, პროგნოზის მიხედვით, 2026 და 2027 წლებში 5-5.5%-ს მიაღწევს, რაც მის გრძელვადიან პოტენციალს შეესაბამება. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური აქტივობის მთავარი მამოძრავებელი კვლავ კერძო და სახელმწიფო მოხმარება იქნება, რასაც ხელს შეუწყობს რეალური ხელფასების გაგრძელებული, თუმცა შედარებით ნელი ზრდა, სამომხმარებლო დაკრედიტების მაღალი ტემპი და ფულადი გზავნილების შემოდინება”, - აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში.
რაც შეეხება ინფაციას, ანგარიშის თანახმად 2026 წელს ინფლაციის შდარებით მაღალ დონეზე შენარჩუნება საწვავისა და სხვა ენერგომატარებლების ფასების ზრდით იქნება განპირობებული, ხოლო 2027 წელს ეტაპობრივად შემცირდება და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება.
ევროკომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებული გამოშვება, რომელიც 5.125% კუპონის საპროცენტო განაკვეთით განხორციელდა.
,,2026 წლის იანვარში საქართველომ წარმატებით მოახდინა 500 მილიონი აშშ დოლარის ევრობონდების რეფინანსირება დაბალი 5.1%-იანი საპროცენტო განაკვეთით“, - წერია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
საქართველოს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლის მზარდი დინამიკა ნარჩუნდება - TBC Capital
05.10.2026.14:00
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება
ეკონომიკური ზრდა აგვისტოში 6.3%-მდე შენელდა, ხოლო იანვარი-აგვისტოს საშუალო მაჩვენებელმა 7.6% შეადგინა, რაც 2026 წელს თიბისი კაპიტალის 7.4%-იანი ზრდის საბაზო სცენართან თანხვედრაშია. ამავე დროს, უახლესი ინდიკატორები სექტემბერში ძლიერ აქტივობაზე მიუთითებს: რეალური უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი აგვისტოსთან შედარებით მცირედით მაღალია, როგორც რეზიდენტების, ასევე არარეზიდენტების შემთხვევაში, ხოლო საქართველოს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლის მზარდი დინამიკა ნარჩუნდება, სექტემბრის ბოლოს გარკვეულწილად ნორმალიზების მიუხედავად.
სტრუქტურის მხრივ, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურ ზრდას კვლავ დიდწილად მოხმარება განაპირობებდა, რომელზეც ჯამური ზრდის 70% მოდიოდა, გასული წლის პირველი ნახევრის მსგავსად. საპირისპიროდ, შემცირდა ინვესტიციების კონტრიბუცია, ხოლო წმინდა ექსპორტის - გაიზარდა. ამავდროულად, სექტორულ ჭრილში, ეკონომიკური ზრდის 96% მომსახურების სექტორებზე მოდიოდა, მათ შორის მხოლოდ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორზე 29%. მეორე მხრივ, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის კონტრიბუცია მხოლოდ 6% იყო, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვანი მატების მიუხედავად, რადგან ამ საქონლის ღირებულების დიდი ნაწილი შესყიდულ ნედლეულსა და გაზრდილ ფასებზე მოდის.
სექტემბერში წლიური ინფლაცია უცვლელად 5.6%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა, თუმცა აღნიშნულს ძირითადად უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის თვიურად 33%-იანი კლება განაპირობებდა, რამაც წლიური ინფლაცია 0.8 პროცენტული პუნქტით (პპ) შეამცირა. ბენზინისა და დიზელის ფასების კონტრიბუცია აგვისტოს 1.1 პპ-დან სექტემბერში 1.5 პპ-მდე გაიზარდა, ნავთობზე გლობალურად მომატებული ფასების ფონზე. გარდა ამისა, თვიურად 1.5%-ით გაიზარდა საკვების გლობალური ფასების ინდექსი და, სექტემბრის მდგომარეობით, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. აღნიშნული ფაქტორების გავლენა ინფლაციის პროგნოზზე საპირისპიროა: უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის კლება წლიურ ინფლაციას 2027 წლის სექტემბრამდე 0.8 პპ-ით შეამცირებს, ხოლო ნავთობისა და საკვების მზარდი ფასები პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს. ინფლაციის ფაქტორების დეტალურ ანალიზსა და საბაზო სცენარზე გავლენის შესახებ თიბისი კაპიტალი მკითხველს პუბლიკაციას უახლოეს დღეებში შესთავაზებს.
საყურადღებოა, რომ მას შემდეგ, რაც სებ-მა 9 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ფინანსური გარემო გლობალურად კიდევ უფრო გამკაცრდა. აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთები 25 საბაზისო პუნქტით გაზარდეს, ხოლო ბაზარი ორივე მათგანისგან დეკემბერში განაკვეთის დამატებით ზრდას ელოდება. მაღალ ნიშნულზე რჩება ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთებიც. უცხოური საპროცენტო განაკვეთების ზრდა ადგილობრივ და უცხოურ განაკვეთებს შორის დიფერენციალს ამცირებს და პოლიტიკის გამკაცრების მხარდამჭერი არგუმენტია, როგორც ეს თიბისი კაპიტალის აგვისტოს მიმოხილვაშიც იყო მითითებული. ამ ფონზე, სებ ლარის ლიკვიდობის შემცირების ინსტრუმენტებს, რომლებიც აგვისტოში აამოქმედა, სექტემბერშიც იყენებს. ჯამურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.5%-მდე გაზრდის ალბათობა, წინა სხდომასთან შედარებით, უფრო მაღალია.
აგვისტოში, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის პარალელურად, წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა, ფულადი გზავნილების კლების მიუხედავად. ექსპორტის ძლიერი და იმპორტის სუსტი ზრდის ფონზე, სავაჭრო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. მართალია, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი სავალუტო შემოდინებების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია, თუმცა გასათვალისწინებელია იმპორტის გაძვირებაც, დიდწილად ნავთობზე გაზრდილი ფასების შედეგად. ამდენად, წმინდა შემოდინებებზე ეფექტი გაცილებით უფრო ზომიერია. სასაქონლო პროდუქციისა და ავტომობილების გამორიცხვით, ექსპორტის ზრდის ტემპი მაღალი რჩება, ძირითადად საკვებისა და სასმელების ხარჯზე. ამავდროულად, სწრაფი ფულადი გზავნილები აგვისტოში წლიურად 8.2%-ით შემცირდა, რაც, ევროკავშირის მიერ გადახდების სისტემა Zolotaya Korona-ზე დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან გზავნილების თვიურად 88%-ით და ყირგიზეთიდან თვიურად 73%-ით შემცირებას უკავშირდება. რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის გამორიცხვით, გზავნილები წლიურად 7.6%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში Unistream-ის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმაც რუსეთიდან გზავნილები თვიურად 42%-ით შეამცირა, თუმცა მომდევნო თვეებში გზავნილების დიდი ნაწილი სხვა სისტემებზე გადავიდა. მოსალოდნელია, რომ მოვლენები ამჯერადაც მსგავსი სცენარით განვითარდება, თუმცა რთულია ითქვას, რამდენად სწრაფად ან სრულად მოხდება გზავნილების ჩანაცვლება.
თავის მხრივ, ლარის ფასიან ქაღალდებზე არარეზიდენტების მოთხოვნა, საპროცენტო განაკვეთის დიფერენციალის კლების მიუხედავად, კვლავ იზრდება. სექტემბრის მდგომარეობით, სახაზინო ობლიგაციების 12.9% არარეზიდენტების საკუთრებაში იყო, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 14 სექტემბერს საქართველოს სახაზინო ობლიგაციები J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში მოხვდა, რაც არარეზიდენტების მოთხოვნის დამატებითი მხარდამჭერი ფაქტორია.
აგრეთვე, აგვისტოში სავალუტო ბაზარზე სებ-მა 556 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, ხოლო მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 8.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაბამისობის ნორმის 128%-ია. მოსალოდნელია, რომ სებ-ის მხრიდან უცხოური ვალუტის შესყიდვები მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება. საერთო ჯამში, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი დოლარი დაახლოებით 2.60 ლარის დონეზეა მოსალოდნელი. თუმცა, როგორც წინა მიმოხილვებშიც იყო მითითებული, მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:
https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007722-macro-update-georgia